მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლაძე: არის შანსი, რომ ბრალდებულები ციხის გარეთ აღმოჩნდნენ

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან, 3 სრულწლოვნის არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამის შესახებ, დღეს, 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამმა ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებლად დადგება.

მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლო დროის გაყვანის მიზნით აირჩიეს, რათა ამასობაში წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწუროს.

შესაბამისად ჩნდება კითხვა და არსებობს ვარაუდი იმისა, რომ რეალურად შესაძლებელია წინასწარი პატიმრობის ვადა გავიდეს და ბრალდებულები საკნის გარეთ აღმოჩნდნენ.

ზემოთ მოხსენიებული ბრალდებულების წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს შეადგენს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან კი დაახლოებით 4 თვე გავიდა.

-შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ადამიანები ციხის გარეთ აღმოჩნდნენ?

- „ეს ბრალდებულების ტაქტიკაა, რადგან დაახლოებით 1 თვეს ნაფიც მსაჯულთა შერჩევა წაიღებს. სავარაუდოდ, დარჩენილი დრო უნდა ეყოს საქმის განხილვას.

პატიმრობის ვადის გასვლის საფრთხე თეორიულად არსებობს, მაგრამ როგორც წესი ყველა სასამართლო ეტევა ვადებში“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, თუ ამოიწურა ვადა ბრალდებული ციხიდან გამოვა, რადგან მისი პატიმრობის კონსტიტუციური უფლება არ შეილახოს.

„თუ ვადა გავიდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე ხდება. შეიძლება საქმე შემდგომ 1 კვირაში ან 1 თვეში დამთავრდეს და შემდეგ მოგისაჯონ 17 წელი“, - დასძინა მირიან ნიკოლაძემ.

ის იმედოვნებს, რომ ადგილი არ ექნება დროის გასვლას და საპატიმროს დატოვებას.

მირიან ნიკოლაძემ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს ჟურნალისტს დაკავებულებთან დაკავშირებით გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლების პოზიციააც გააცნო.

„მშობლების პოზიციაა ასეთი, როდესაც ბრალდებულები გადავიდნენ წერილების წერაზე და საზოგადოებისთვის იმის მტკიცებაზე, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან, ეს მათში დიდ გაღიზიანებას იწვევს, უპირველესყოვლისა ასეთია დედის და მამის პოზიცია.

რა თქმა უნდა, ოჯახისთვის იმის რწმენა, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან 1 პროცენტითაც არ დაიშვება“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, საქმეზე დაკავებულ 5 პირს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ორ არასრულწლოვანს ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს ბრალი სსკ-ის 109-ე მხულის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.