მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეპროდუქტოლოგისა და მეან-გინეკოლოგის ანი მორჩილაძის წარმატების გზა და ბრძოლა შთამომავლობისთვის

რეპროდუქტულოგი, მეან-გინეკოლოგი

უშვილობა დიდი პრობლემაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, პრობლემასთან ბრძოლის გზა კი - არცთუ ისე მარტივი. უშვილობით გამოწვეულ ემოციურ ფონს ხშირად წყვილები ოჯახების დანგრევამდეც კი მიჰყავს. როგორ ებრძვიან უშვილობას საქართველოში და რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით? ამ თემაზე სასაუბროდ კლინიკა „ინ ვიტროს“ რეპროდუქტოლოგს, მეან-გინეკოლოგს, აკადემიურ დოქტორს მედიცინაში ანი მორჩილაძეს მივმართეთ, რომლის დახმარებითაც არაერთი წყვილი მივიდა სასურველ შედეგამდე. პაციენტების საყვარელი ექიმი განსაკუთრებული მიდგომითა და დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, იბრძვის ბოლომდე, იყენებს მინიმალურ შანსსაც კი და ხშირად ხდება იმ სასწაულის მთავარი გმირი, რაც მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ მიღებული ნანატრი ორსულობაა.

ანი მორჩილაძე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რაც ჩემთვის დღემდე ალმა-მატერად ითვლება, სწავლა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის კლინიკურ ორდინატურაში განვაგრძე. 2008 წლიდან ასპირანტურაში ვირიცხებოდი და პარალელურად ქ. სანქტ-პეტერბურგის ოტოს სახელობის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც 2011 წელს ორი სპეციალობით დავიცავი სამეცნიერო ხარისხი - მეან-გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია.

ჩემ მიერ რეპროდუქციული სფეროს არჩევასა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის არაჩვეულებრივ ქირურგს, შესანიშნავ პროფესიონალსა და სამაგალითო პიროვნებას ბატონ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელთან შეხვედრაც ქ. სანქტ-პეტერბურგში ორგანიზებულ ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ბ-ნი რევაზის დიდი რეკომენდაციითა და ცალსახა რჩევით საქართველოში დაბრუნებისთანავე მივმართე  ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობენ გია ცაგარეიშვილი და ნატალია ხონელიძე - პიონერები ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. კლინიკაში მოსვლიდან დღემდე არ შემიცვლია სამუშაო ადგილი, რაც  მეტწილად კლინიკა „ინ ვიტროში“  შექმნილი შიდა პოზიტიური აურითაა განპირობებული. რეპროდუქტოლოგიაში დადებითი შედეგის მიღება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ექიმი რეპროდუქტოლოგის დახმარებით შეუძლებელია. რეალურად, მის უკან ინ ვიტრო განაყოფიერების დიდი გუნდი დგას, რომლის ცენტრშიც მოიაზრება ექიმი-ემბრიოლოგი. მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ემბრიოლოგიაა კლინიკა „ინ ვიტროს“ ხერხემალი, რომელსაც კლინიკის დაფუძნების დღიდან უძღვება უდიდესი გამოცდილების მქონე, თავისი საქმის პროფესიონალი და ამავდროულად უაღრესად ჰუმანური პიროვნება - ქ-ნი მაია ქოიავა. ხშირად მითქვამს, რომ ხელოვნური განაყოფიერების სფეროში მიღწეული დადებითი შედეგის 60-65% პროცენტი  უშუალოდ ემბრიოლოგის დამსახურებაა.

მოგეხსენებათ, რომ უშვილობის პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გლობალური  და ძალზე აქტუალურია. რეპროდუქციული ასაკის პაციენტების 14-16 პროცენტს აღენიშნება უნაყოფობა. პირადად ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, უშვილობის პრობლემის გადაჭრა არის შთამომავლობის გაგრძელებაზე ზრუნვა, ახალი სიცოცხლის შექმნა, ოჯახურ კეთილდღეობაში იმ წვლილის შეტანა, რაც შემდგომში აუცილებლად დადებითად აისახება ამ ოჯახების სრულფასოვნებაზე.

- უშვილობის პრობლემა გაახალგაზრდავდა? რა მიიჩნევა კარგ რეპროდუქციულ ასაკად?

- შვილოსნობისთვის ყველაზე სასურველ რეპროდუქციულ ასაკად 25-35 წელი მიიჩნევა. სამწუხარო რეალობაა, რომ ბოლო წლების პრაქტიკით იმატა ახალგაზრდა ასაკის წყვილებში უნაყოფობის პრობლებამ, რაც მეტწილად დაბინძურებული ეკოლოგიისა და არაჯანსაღი საკვები პროდუქტების გადაჭარბებული მოხმარებით უნდა იყოს განპირობებული. ასევე, ხშირია 42-44 წელს გადაცილებული გვიანი რეპროდუქციული ასაკის წყვილების მომართვიანობა. ეს გარემოება კი დაკავშირებულია შობადობის საკითხის  გადავადებით მას შემდეგ, რაც პროფესიული კეთილდღეობა მიიღწევა. ქალის კვერცხუჯრედების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემცირება სტარტს იღებს დაახლოებით 36 წლის ასაკიდან და საგრძნობი ხდება 40 წლის შემდეგ, რაც ამ ასაკის ქალბატონებში განაყოფიერების პოტენციალის ეტაპობრივ გაუარესებაში გამოიხატება. თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და პაციენტი საკუთარი ბიოლოგიური მასალის გამოყენებით სპონტანურადაც კი შეიძლება დაფეხმძიმდეს გვიან რეპროდუქციულ ასაკში.

- თქვენი პაციენტები, დიდი პროფესიონალიზმის გარდა, განსაკუთრებული მიდგომითა და გულისხმიერებითაც გამოგარჩევენ. ალბათ, თქვენს სფეროში ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მიღების პროცესში...

- მიმაჩნია, რომ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა საბოლოო შედეგის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორია. ამასთანავე, ექიმის პირველი შეხვედრა პაციენტთან  დადებითი შედეგის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მხოლოდ ექიმის გონებრივი შესაძლებლობები და დანიშნული პრეპარატები, შესაძლოა, პაციენტისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდეს, რამდენადაც ექიმისგან გაწეული  მისდამი ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა. უშვილობის პრობლემა საკმაოდ მძიმე ფსიქოემოციური ტრავმაა და შესაბამისად, აუცილებელია, რომ პაციენტმა ექიმისგან მხარდაჭერა იგრძნოს, მიხვდეს, რომ ის  ამ პრობლემის წინაშე მარტო არ არის და მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა.

- განიცდით მათ პრობლემებს?

- ექიმისთვის თითოეული პაციენტი მისი სულის შემადგენელი ნაწილია და აქედან გამომდინარე, ჩემს ცნობიერებაზე ყოველი პაციენტის ისტორია წარუშლელ კვალს ტოვებს. საკუთარ პაციენტებს ხშირად ვეუბნები, რომ  ისინი არ არიან საწინააღმდეგო გუნდში, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, საერთო მიზნებით, ასევე, საერთო მარცხითა და წარმატებებით.

- გახსოვთ ყველაზე რთული შემთხვევა, როდესაც სასურველი შედეგი მიგიღიათ?

- ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტის შვილოსნობის პოტენციალი შეფასებულა, როგორც ძალიან მძიმე, თითქოსდა კრიტიკულიც კი, საიდანაც გამოსავალი, ერთი შეხედვით, არ არსებობს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც საკუთარი კვერცხუჯრედის გამოყენებით ორსულობის დადგომის ალბათობა პრაქტიკულად ნულს უტოლდება. მოვიყვანდი შემთხვევას, როდესაც დღესდღეობით ყველასთვის კარგად ცნობილი საკვერცხეების რეზერვის განმსაზღვრელი ანტიმიულერის ჰორმონი კრიტიკულ ზღვარზე დაბლა ყოფილა, მაგრამ მაინც მიგვიღწევია დადებითი შედეგისთვის და ბავშვი საკუთარი ბიოლოგიური მასალის გამოყენებით გაჩენილა. სანამ პაციენტს აქვს თუნდაც მიზერული შანსი, ჩემი დევიზია, უპირველესად ბრძოლა საკუთარი კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გამოყენებისთვის, რადგანაც დონაციის პროგრამა, ვფიქრობ, შემდგომშიც მოსწრებადია...

- ვიცით, რომ ეს პროცესი საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. თქვენზე ამბობენ, რომ ყველაზე მოკლე გზით მიდიხართ სასურველ შედეგამდე, რაც, ბუნებრივია, ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს იწვევს.

- დღეისთვის საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება უმთავრესად პაციენტის ბიუჯეტის ხარჯზე ფინანსდება და შესაბამისად, საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციო-ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მიდგომა სხვადასხვანაირია და  აქედან გამომდინარე, როდესაც პაციენტი სატელეფონო ზარის მეშვეობით ცდილობს, გაარკვიოს ხელოვნური განაყოფიერების ღირებულება, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია კონკრეტული თანხის დასახელება, რამეთუ ყველა პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია და, შესაბამისად, თანხაც განსხვავებული იქნება. თუ პაციენტის ფოლიკულების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია, ასეთ შემთხვევაში, ჩემი მიდგომით, ვცდილობ, არ გამოვიყენო დიდი ჰორმონალური დატვირთვა, რაც, გარდა ფინანსური ხარჯისა, ცალსახად ვერ იქნება ორიენტირებული მიღებული კვერცხუჯრედების რაოდენობრივ გაზრდაზე.

- რა შემთხვევაში მიდის საქმე სუროგაციამდე?

- წყვილი სუროგაციას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს, თუ პოტენციური დედის საშვილოსნო ორსულობისთვის არასასურველ ფაქტორად იქნება მიჩნეული. ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა საშვილოსნოს მრავალკვანძოვანი მიომა, ადენომიოზი ან საშვილოსნოს განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, რაც ქირურგიულ კორექციასაც არ ექვემდებარება; მძიმე ქრონიკული სომატური პათოლოგიები ან წარსულში გადატანილი ონკოლოგიური დაავადებები, ასევე, რიგ შემთხვევებში მოითხოვს სუროგატი დედის მომსახურების გამოყენებას. მაგრამ თუკი საშვილოსნოს აქვს შვილოსნობის განხორციელების თუნდაც მიზერული პოტენციალი, ჩემი პირველი მიდგომაა მცდელობა. თუმცა ეს მცდელობა ძალიან კარგად გაანალიზებული უნდა იყოს - მოსალოდნელი რისკებითა და ბენეფიტებით. ის, თუ რამდენად უღირს პაციენტს რისკზე წასვლა, ექიმისა და პაციენტის პირადი შეთანხმების საგანია, მაგრამ ერთი  კი ცხადია - თუ რისკს არ გასწევ, ვერასოდეს მიხვდები, რა შეიძლება გამოგივიდეს ამა თუ იმ კონკრეტული სიტუაციიდან.

- ნაყოფის გენეტიკური ანალიზი თუ არის  საქართველოში აპრობირებული?

- კარგი სიახლეა ის, რომ დღეს უკვე საქართველოში ადგილობრივადაც შესაძლებელია პრეიმპლანტაციური ტესტირება, ანუ ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე გენეტიკურ ვარგისიანობაზე შემოწმება. დაარსებულია და წარმატებით ფუნქციონირებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც უმოკლეს დროში და მაღალი სიზუსტით  იძლევა პასუხს გაგზავნილი მასალის გენეტიკურ სიჯანსაღეზე. თუმცა აქვე მინდა დავამატო, რომ აღნიშნული პროცედურა ვერ ჩაითვლება ორსულობის დადგომისა და მისი ვადის ბოლომდე მიტანის ასპროცენტიან გარანტად, მაშინაც კი როცა სწორი გენეტიკური შენების ემბრიონის ტრანსფერი ხდება საშვილოსნოს ღრუში. გენეტიკური ტესტირებისას მოწმდება მხოლოდ გარე (ტროფოექტოდერმის) უჯრედები, რომლებიც ემბრიონს აკრავს გარს. შიდა უჯრედოვანი მასისგან, რაც საფუძვლად უდევს უშუალოდ ემბრიონის განვითარებას და ორგანიზმის ჩამოყალიბებას, უჯრედების მოწყვეტა დაუშვებელია. ამ ორი სივრცის უჯრედების გენეტიკური შენება შემთხვევათა უმრავლესობაში თანხვედრაშია, მაგრამ არა ყოველთვის იდენტური - რაც შემთხვევათა 10-15 პროცენტში ცდომილებას იძლევა როგორც ცრუ დადებითი, ისე ცრუ უარყოფითი პასუხების სახით.

საგულისხმოა, რომ უკვე შემდგარი ორსულობის პერიოდშიც ხორციელდება სკრინინგული ტესტირება ყველაზე გავრცელებულ ისეთ გენეტიკურ დაავადებებზე, როგორებიცაა ედვარდსის, პატაუს და დაუნის სინდრომები, შესაბამისად, გამოწვეული მე-13, მე-18 და 21-ე ქრომოსომების ტრისომიებით. გესტაციის ადრეულ ვადებზე, ასევე, შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად ინფორმაციული, არაინვაზიური პრენატალური ტესტირების ჩატარება, რაც დედის სისხლში ნაყოფის თავისუფალი დნმ-ის განსაზღვრაზეა დამოკიდებული.

- შეიძლება თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერების გზით გაჩენილ ბავშვსაც დაუდგეს უშვილობის პრობლემა?

- საინტერესოა, რომ ჩატარებულ მულტიცენტრულ კვლევაში, სადაც 20 წლის პრაქტიკული გამოცდილება შეჯამდა, ნაჩვენები იქნა, რომ მამაკაცის მძიმე ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მკურნალობის შედეგად გაჩენილ ვაჟებშიც მნიშვნელოვნად გაუარესებული აღმოჩნდა სპერმის მახასიათებლები.

- „ინ ვიტროს“ აქტიური კავშირები აქვს უცხოელ კოლეგებთან. როგორც ვიცი, ბატონ რეზო ბოჭორიშვილის „ოქროს ხელებიც“ გეხმარებათ რთულ სიტუაციებში.

- რა თქმა უნდა, კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, ძირითადად გამოვყოფდი ისრაელის ისეთ ორ წამყვან კლინიკასთან კოლაბორაციას, როგორებიცაა „შება“ და „ასუტა“. აღნიშნული ურთიერთობები მოიცავს მუდმივი გამოცდილების გაცვლას როგორც სამედიცინო მომსახურების, ისე სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში. რაც შეეხება ბატონ რევაზს, ის მართლაც რომ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს  საქართველოს მოსახლეობისთვის და ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რევაზი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობისას აკეთებს ტექნიკურად ურთულეს ოპერაციებს, ხშირ შემთხვევაში კლინიკა „ინ ვიტროს“ წამყვან  ენდოსკოპისტებთან ერთადაც.  

აქვე მინდა გაგიზიაროთ ის სასიამოვნო სიახლე, რითიც კლინიკა „ინ ვიტრო“ უახლოეს თვეებში წარდგება ჩვენი მოსახლეობის წინაშე. კლინიკა სამედიცინო ჯგუფი NG-ის ფარგლებში გააგრძელებს სამედიცინო საქმიანობას სრულიად ახალ, იზოლირებულ, მაღალტექნიკური აპარატურით აღჭურვილ და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ მულტიპროფილურ კლინიკაში. გავიზიარეთ რა პაციენტთა ურიცხვი თხოვნა და სურვილი, კლინიკა გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების განახლებულ, სრულფასოვან პაკეტს - ჩასახვიდან მშობიარობის ჩათვლით და ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელი იქნება ერთი შენობის ფარგლებში.

ექიმთან კონსულტაციის დასაგეგმად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 577 711750