მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: არსებობს ვარაუდი, რომ შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა ბაჩალიაშვილის სიცოცხლის მოსპობა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი

„ისეთი ადგილმდებარეობაა, რომ სრულიად შესაძლებელია ვინმესთან ვიზიტი ჰქონოდა დაგეგმილი“, - ამის შესახებ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმა დანაცხადა.

ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის გამოკითხვის საკითხსაც შეეხო. რამიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცი უნდა გადამოწმდეს.

„არსებობს ძალიან ბევრი ვარაუდი და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი სიცოცხლის მოსპობის დაგეგმვა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ბევრი ვერსია დადასტურებულა და ახლოს ყოფილა სიმართლესთან, ასე რომ დასაბარებელიც უნდა იყოს, გამოკითხულიც უნდა იყოს. მივესალმები იმას, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გადამოწმდეს“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

ცნობისთვის, ქაშიაშვილი შსს-ში 2 აგვისტოს „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის გამო დაიბარეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება. ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას კონფიდენციალური მასალები გახსნა, სადაც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.