მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას უსამართლოდ მიიჩნევს - საქმე სასამართლომ აუცილებლად არსებითად უნდა განიხილოს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ საქმეზე სამართლებრივი ანალიზის შედეგების და განხორციელებული მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიდერფუდის“ საქმეზე სამართლებრივი ანალიზის შედეგების და განხორციელებული მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა. როგორც ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, ორგანიზაციას, ადრეც, თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენება აქვს მიჩნეული და ვინაიდან „ლიდერფუდთან“ მიმართებითაც სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას ჰქონდა ადგილი, საქმე მოექცა საჯარო ინტერესის ფარგლებში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა, როცა ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უპრეცედენტო მოცულობის ბიზნეს-აქტივის დაუსწრებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე მიკუთვნების პრაქტიკას ვხვდებით, ბუნებრივია, ბიზნეს-დავის განხილვის ნდობის მაღალი ხარისხი ვერ იქნება მიღწეული.

„ლიდერფუდის“ საქმის სადღეისო მდგომარეობა შემდეგნაირია: უზენაეს სასამართლოს, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს, მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს - სარჩელზე სავალდებულო სამართლებრივ პასუხს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს. ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზისას ორგანიზაციის მიზანი იყო, შეეფასებინა მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოედგინა ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

„ჩვენი მიმართვის საფუძველზე, მხარეებმა მოგვაწოდეს საქმის მასალები, რომელთა შესწავლის შედეგადაც, ჩვენი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქმეზე მსჯელობა უნდა გააგრძელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და საქალაქო სასამართლოს უნდა მოეხდინა საქმისწარმოების გაგრძელება. ამდენად,  სამართლიანი იქნება, თუკი უზენაესი სასამართლო საქმეს არსებითად განსახილველად მიაქცევს პირველ ინსტანციაში და ამით მხარეებს თანაბრად მისცემს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალებას“ - განაცხადა კაიკაციშვილმა.

მან პრეზენტაციის მსვლელობისას, ასევე აღნიშნა ის კონკრეტული გარემოებები, რომელთა გამოც ორგანიზაციამ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განჩინებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და ძალაში დატოვების შესახებ, შეუსაბამოდ და უსამართლოდ მიიჩნია.

კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოიკვეთა სასამართლოს მიერ მთელი რიგი მტკიცებულებების იგნორირების ტენდენცია.

კერძოდ, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა (ან დასაბუთებულად განემარტა გაუთვალისწინებლობის მიზეზები) ნეიტრალური მოწმის, სასამართლოს მიერვე გამოძახებული საფოსტო კომპანია „სკს“-ის  კურიერის ჩვენება, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს შემდეგს: რაც ნათია კიკალეიშვილს („ლიდერფუდის“ ოფის-მენეჯერი) ჩაბარდა, სიმართლე გითხრათ, ეს არ მახსოვს რა წერილი იყო. ბევრი წერილი მიმიტანია და ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადოდ რომ სასამართლოს წერილი მიმეტანოს, ეგეთი რაღაც არ მახსოვს“.

ორგანიზაციის აზრით, სასამართლოს, ასევე უნდა გაეთვალისწინებინა (ან უნდა დასაბუთებულად აეხსნა არგათვალისწინების მიზეზები) კურიერის „ლიდერფუდის“ ოფისში მისვლის ამსახველი ვიდეო-ფაილის მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზა, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან, არის თეთრი ფერის. გარდა ამისა, სასამართლოს უნდა საფუძვლიანად შეემოწმებინა მოსარჩელე მხარის ექსპერტიზის დასკვნა, უკიდურეს შემთხვევაში, ემსჯელა მისი მიუკერძოებლობის თაობაზე, რამდენადაც ცნობილია, რომ ხსენებული ექსპერტიზის პასუხი მხარემ მოიპოვა ექსპერტიზის ბიუროს ისტორიაში უპრეცედენტოდ მოკლე დროში, - 1 დღეში. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სსსკ 249-ე მუხლის მე-3 ნაწილი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი (სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას), ამ ნორმის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს არ წარმოუდგენია დასკვნები და მოსაზრებანი, რომლებითაც იგი ზემო-დასახელებულ მტკიცებულებებს უარყოფდა. იგი დაეყრდნო და უბრალოდ დაუჯერა მხოლოდ მოსარჩელე მხარის ოფისის მენეჯერის ჩვენებას, რომ მან „ლიდერფუდში“ გააგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები.

ორგანიზაციის აზრით, საკამათოა სასამართლოს მოსაზრება, რომ ზოგჯერ მხარეს სარჩელი თეთრ კონვერტში ჩადებული სასამართლოს კონვერტითაც ეგზავნება. გარდა შინაარსობრივი შეუსაბამობისა, ორგანიზაცია აქ პრაქტიკულ შეუსაბამობასაც ხედავს, რამდენადაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია თაბახის ფორმატის 49  ფურცლის შემადგენლობის ერთი კონვერტის მეორე იმავე ფორმატის კონვერტში მოთავსებაზე, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მოსამართლის მიერ მსგავსი დაშვების სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლად გამოცხადება, კიდევ უფრო დიდ კითხვის ნიშანს აჩენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მის მიუკერძოებლობაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზემოხსენებული მსჯელობის ფონზე უკვე ფერმკრთალდება, ასევე მნიშვნელოვანი ისეთი ფაქტები, როგორიცაა სასამართლოს მხრიდან მხარისათვის ნებით, თუ უნებლიედ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის შემცირება,  ასევე, არგანხილვა იმისა, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი გზავნილი იყო თუ არა სსსკ 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნილი. ეს მუხლები კი ადგენს, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის გაგზავნა სასამართლო უწყებასთან ერთად ხდება. მოპასუხე მხარე, წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ კურიერის მიერ „ლიდერფუდში“ მოტანილ გზავნილს სასამართლო უწყება არ ახლდა. ამაზე სასამართლომ უბრალოდ არ იმსჯელა.  

კაიკაციშვილის განცხადებით, ყველა ზემოაღნიშნულ მომენტის გარდა, მთავარი ფაქტორი, რის გამოც საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება უკანონოა, არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები (წილის გაყიდვა ფიზიკური ძალადობის, მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად) იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (მოსარჩელემ ვერ მიიღო წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაური). არ შეიძლება მხარე დაადანაშაულო იმ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, რომელიც ფიზიკური ძალადობის მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად იქნა დადებული. ამ ფაქტობრივი გარემოების პირობებში კი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის - ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მხარეს დაუბრუნდეს შპს „ლიდერი-ფუდის“ 50% წილი - დაკმაყოფილება იურიდიულად დაუშვებელია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია საქმის არსებითი განხილვის გარეშე, არ შემოწმებულა სარჩელით მითითებული ფაქტების სანდოობა, არ შემოწმებულა, ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულ საფუძვლებს, სასამართლოს არ ჰქონდა უტყუარი სამართლებრივი მტკიცება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რითაც საფრთხის ქვეშ დადგა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით თანაბარი სარგებლობა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების (საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) ძალაში დატოვება, ასევე ზღუდავს პირის უფლებას სასამართლო წესით დაიცვას თავისი სადავოდ ქცეული უფლება და მეორე მხარეს მიეცეს შედავების შესაძლებლობა. კაიკაციშვილმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში წარმოდგენილი მსჯელობების შეუსაბამობაზე. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლო მთელ რიგ შემთხვევებში დუმს მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თაობაზე (კურიერის ჩვენება, ვიდეოექსპერტიზების შინაარსი და სხვა), და ამ დუმილის ფონზე ძალაში ტოვებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რითაც კიდევ უფრო ძნელდება იმის გაგება, თუ როგორ უკავშირებს იგი თავის გადაწყვეტილებას ლოგიკის კანონებსა და სამართალს. აღნიშნულზე მიუთითებს ფაქტი, როცა სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა, რომ კონვერტი თავისი პარამეტრებით 49 ფურცელ-მოთავსებულ კონვერტს შეესაბამება და ცენტრ-ალტერნატივას ექსპერტის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ერთ-ფურცლიანი კონვერტიც შეიძლება შეესაბამებოდეს 49 ფურცელ-მოთავსებულ კონვერტს, თუ კონვერტის გადაწებების დროს მასში ჰაერი დარჩა, - გადაწყვეტილებაში ასახა, როგორც 49-ფურცლიანი კონვერტის მხარისთვის ჩაბარების ფაქტად. ამასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის მოწმის ჩვენებას, რომ მან მხარესთან გააგზავნა გზავნილი და საბოლოო ჯამში, ამ მსჯელობების საფუძველზე, ისე რომ არსებითი განხილვისთვის საქმის დაბრუნება საქალაქო სასამართლოში საჭიროდ არ ჩათვალა, თავისი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, მხარეს ქონება ჩამოართვა.

ორგანიზაციის სამართლის ჯგუფს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და სასამართლოს უნდა მოეხდინა საქმისწარმოების გაგრძელება. რამდენადაც ეს ასე არ მოხდა, ორგანიზაციის განცხადებით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკვე უზენაესმა სასამართლომ გასცეს პასუხი შეკითხვას - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, არსებითად შეილახება თუ არა პროცესის მონაწილე ერთი მხარის თანასწორუფლებიანობა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მას პირდაპირ უსპობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუ არც ერთ მხარეს, ამ დრომდე, არ მისცემია საკუთარი მტკიცების ტვირთვის განხორციელების შესაძლებლობა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება არ უნდა ზღუდავდეს პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სასამართლო წესით დაიცვას თავისი სადავოდ ქცეული უფლება და მეორე მხარეს მიეცეს შედავების შესაძლებლობა. კაიკაციშვილის განცხადებით, რაც კვლევაშიცაა აღნიშნული, მსგავსი სპეციფიკის საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს (BARTAIA v. GEORGIA §§ 26-27 და GAKHARIA v. GEORGIA, §§ 32-36). განმარტებაც, რომლის მიხედვით, სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი, სამართალწარმოების ფორმა - ზეპირი თუ ზეპირი მოსმენის გარეშე - და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთ დაკავშირებულია და უნდა გაანალიზდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ფართო კონტექსტში. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან, ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მომზადებული მონიტორინგი და სამართლებრივი დასკვნა სასამართლო ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატს, საელჩოებსა და ბიზნეს-ასოციაციებს გაეგზავნებათ. ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს საქმის საჯარო განხილვის დისკუსიაშიც და გააგრძელოს საკითხზე ყურადღება.