მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმაზე და პორნოგრაფიაზე სასჯელი მკაცრდება

ბავშვების პროსტიტუციაში ჩაბმა

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, სასჯელი მკაცრდება არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაზე, არასრულწლოვანი პირისათვის სექსუალური მიზნებისთვის შეხვედრის შეთავაზებაზე, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება ან გასაღებაზე და პროცესში არასრულწლოვანის ჩართვაზე. ჯარიმა უმეტეს შემთხვევაში ამოღებული იქნება და სასჯელის უმაღლეს ზომად განისაზღვრება უვადო პატიმრობა.

ცვლილების მიხედვით, რა სასჯელი იქნება არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაზე:

  • პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, სასჯელი ჯარიმის და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად იქნება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
  • პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან ძალადობის მუქარით დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება და სასჯელის სახედ განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4-დან 10 წლამდე
  • თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ; არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, სასჯელის სახედ განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 8-დან 13 წლამდე
  • თუ პროსტიტუციაში ჩაბმა იქნება ძალადობით ან ძალადობის მუქარით დამამძიმებელ გარემოებაში, მათ შორის, თუ არასრულწლოვანის შემთხვევაში დამნაშავის, მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავე 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
  • თუ დამამძიმებელი გარემოებები სახეზეა და არასრულწლოვანია მსხვერპლი, აქ უკვე სასჯელის უმაღლესი სანქციაა გათვალისწინებული - 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღვეთა, ან უვადო პატიმრობა

მაღალი სანქციებია გათვალისწინებული პროსტიტუციის ხელშეწყობაზეც.

  • პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, ან პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა - თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; არაერთგზის; დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ - სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა განისაზღვრება
  • თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დამნაშავე დაისჯება ვადით 7-დან 12 წლამდე. ხოლო, 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, სასჯელის სახედ 12-დან 20 წლამდე პატიმრობა განისაზღვრება

პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეოს უკანონოდ დამზადება ან გასაღება

  • ცვლილებით, პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით
  • თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება არაერთგზის, სასჯელი იქნება - თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე
  • წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა, ჩვენებაზე დასწრება ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე
  • არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეთავაზება, იმპორტი, ექსპორტი, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფაზე სასჯელის სახით 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება. (ამ შემთხვევაში ჯარიმა აღარ განისაზღვრება და პატიმრობის ხანგრძლივობაც მნიშვნელოვნად იზრდება.)
  • არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღება- დაისჯება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით
  • თუ აღნიშნული დანაშაულები ჩადენილი იქნება არაერთგზის, დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ - სასჯელის სახედ განისაზღვრება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სასჯელის უმაღლესი ზომა

აქვე განმარტებულია: არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება.

არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში

  • არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, რაც არ არის დაკავშირებული ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ამ არასრულწლოვნის მონაწილეობასთან − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე
  • იგივე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე

არასრულწლოვანი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის

  • სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება სექსუალური ხასიათის შეღწევის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვება ასეთი ქმედებები - დამნაშავე დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე
  • სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღების მიზნით, და როდესაც შეთავაზებას მოჰყვება ასეთი ქმედებები - სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან, 8 წლამდე