მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ გაგნიძის ადვოკატი: საქმისგან ჩამოშორებით დაგვემუქრნენ

არჩილ გაგნიძის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაბგის არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გამოძიების მხრიდან ადვოკატებზე ზეწოლა მიმდინარეობს და ერთ-ერთი გამომძიებელი მათ საქმისგან ჩამოშორებით დაემუქრა.

„დამიკავშირდა ერთ-ერთი გამომძიებელი და მითხრა, რომ თუ საქმის მასალებს არ ჩავიბარებთ, საქმეს ჩამოგვაშორებენ. მიმდინარეობს ჩვენზე ზეწოლა. მასალებს არ ჩავიბარებთ, რადგან გვქონდეს თავისუფლება ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც საქმეში იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი განმარტებით, გამოძიებამ ადვოკატებს 109-ე მუხლით ბრალდების საქმის მასალები გადასცა და გაუთქმელობის პირობაზე ხელმოწერა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა და უფლება დაიტოვა საქმის შესახებ საჯაროდ ისაუბროს.

საქმის მასალები ჩაიბარა, თუმცა გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მოაწერა აგრეთვე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. მისი თქმით, ხელმოწერაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმის მასალების შესახებ საუბრისგან თავს შეიკავებს, რადგან პროკურატურისგან გაფრთხილება აქვს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს ბრალი 109 ე, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი, დანარჩენ 12 პირს კი გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარშვილის, ცხედარი მაშველებმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.