მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი შვილი აწამეს და ისე მოკლეს“ - ბაჩალიაშვილის დედა კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს

თეონა თამაზაშვილი, ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ახლობლები აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. გარდაცვლილი გოგოს დედა, თეონა თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს.

„მინდა, უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და მასაც ჰყავს შვილები. გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ტკივილი. ჩემი შვილი აწამეს და ისე მოკლეს. ვერ მივაღწიე სამართალს. ჩემი უმანკო კრავი ყველანაირ ლაფში ამოსვარეს, სიკვდილი არ აკმარეს და ათასნაირ ცილს სწამებენ“,- აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალური ბიუროს თანდასწრებით გაიხსნას. თამარ ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.