მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პროკურატურის შენობა

დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, ბრალდებულებმა საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 3 500 ჰექტარის მონაკვეთების დაკარგვის საფრთხე შეუქმნეს.

„მათი პოზიციაა, რომ არ ეთანხმებიან ბრალდებას, თუმცა ბუნებრივია, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახ ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით 3 500 ჰექტარის მონაკვეთების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“,- აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები.

„მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ პროცესს. ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. ბრალდება აბსურდულია. ამ სფეროს პროფესიონალები, მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც სახელმწიფოებს შორის ოფიციალურად შეთანხმების ნაწილი იყო. ის რუკები კი, რომლებსაც ედავებიან, რომ უნდა ეხელმძღვანელათ, მათთვის არასანდო იყო. ფიქრობდნენ, რომ ამ რუკებს არ უნდა დაყრდნობოდნენ. ჩვენი პოზიციაა, ისინი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩნენ, თუმცა ალტერნატივასაც განვიხილავთ, გირაოს სახით“, - აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.