მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გარეჯის წინამძღვარი: მაღალი თანამდებობის პირების გარეშე გამოძიება არ იწყება

დავით გარეჯის წინამძღვარი

დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას დაკავებას ეხმაურება.

როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, საქმე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გამოძიების საკითხით მაღალი თანამდებობის პირები დაინტერესდნენ.

„რადგან ასე მოხდა, ე.ი იყო ამის საფუძველი, დანარჩენს ალბათ შემდეგი პროცესები გამოაჩენს. ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ეს ყველაფერი, რადგან ვიცოდით. რაც შეეხება მამა კირიონს, როგორც მან თქვა, ჰქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთან. მაღალი თანამდებობის პირების გარეშე არ ხდება არც გამოძიება და არც სერიოზული საქმეები, ის იმიტომ არის თანამდებობის პირი, რომ მან გადაწყვიტოს. თორემ ჩვენ 15 წელია ამას ვამბობთ, მაგრამ ძალა არ შეგვწევს“, - აცხადებს მამა ილარიონი.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების განხორციელების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

7 ოქტომბერს, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკაა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შუფარდა.