მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დოროყაშვილის ადვოკატი: მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

"მტკიცებულებების გასაჯაროებას არ ვაპირებთ", - აღნიშნულის შესახებ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა ანა თავხელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, მტკიცებულებების დეტალებზე დაზარალებულისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრებენ.

უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოძიება სათანადოდ ჩატარდება.

"ამ საქმის დეტალებში არ შევალთ პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე იქიდან, რომ არ შეიძლება ადამიანების პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს. აქ საუბარი არ არის ერთ კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბარია განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას ხდებოდა სხვადასხვა ფორმით ძალადობა, რაც არის დამატებით გამოძიების საგანი. მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს ამ მიმართულებით და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე საკითხი- ეს არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო. საუბარია სხვადასხვა მტკიცებულებებზე, საუბარია როგორც მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ფოტო და ვიდეო მასალაზე. მთავარია, რომ გამოძიება გრძელდება. მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ამ კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში არ შევდივართ და არ ვასაჯაროვებთ, ვინაიდან ვუფრთხილდებით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.