მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება - პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა

გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება.

კერძოდ, ცვლილებით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან ნარჩენის გადმოყრა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება;

ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენის გადმოყრა გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით;

5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით;

5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად გაოთხმაგებული - 2000 ლარის ოდენობით;

2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150 ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა;

1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით - 3000 ლარით;

დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო - ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6000 ლარის ოდენობით.

1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარის ოდენობით;

თუ ამ ტიპის ნარჩენების რაოდენობა 1 მ3-ს უტოლდება ან აღემატება 10 მ3-მდე, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა შეადგენს 1500 ლარის ნაცვლად 3000 ლარს ოდენობით.

„მოცემული ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, როგორც ნათელია, სამმაგდება, განსხვავებით იურიდიული პირებისთვის დაწესებული გაორმაგებული ჯარიმისა. ამგვარი მოწესრიგება კი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევას უფრო მეტად ფიზიკური პირები ჩადიან, მათი მხრიდან დარღვევის სიხშირე მეტია, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია სანქციის ამ ოდენობით გაზრდა ფიზიკური პირებისთვის“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირები დაისჯებიან არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით - 100 ლარით.

1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.

20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული ჯარიმა შეადგენს 150 ლარის ნაცლად 500 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარს;

20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები - 2000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 1000 ლარისა.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 200 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი ოდენობის ჯარიმით - 1500 ლარით.

ფიზიკური პირები სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვებისთვის დაჯარიმდებიან 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 400 ლარისა და იურიდიული პირები 10000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 1000 ლარისა.