მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი: გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე აზრის შეცვლა ვითარებას ასმაგად საეჭვოს ხდის

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

„რატომ შეიცვალა დამოკიდებულება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით? ეს ჩემთვის ასმაგად საეჭვოს ხდის ვითარებას“, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქმეში უნდობლობის ბზარი არსებობს, ოჯახს და ადვოკატს მხოლოდ ამ ბზარის გამთელება სურს.

„ისინი ყოველთვის თანახმანი იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ ფედერალური ბიუროს ექსპერტები, ასევე გადამოწმებულიყო ის ნივთები, რომლებიც შეამოწმეს საქართველოში, ახლა რატომ იცვლება ეს დამოკიდებულება, ჩემთვის ასმაგად საეჭვოა. თუ არსებობს უნდობლობის ბზარი, გვინდა რომ ნდობა აღდგეს, რა პრობლემას ხედავს ვახტანგ გომელაური, მგონი აქ არაფერია პრობლემური“, - განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. ისინი უწყებაში გარდაცვლილის სოციალური ქსელისა და Gmail-ის ანგარიშზე წვდომის პროცესზე დასასწრებად მიიყვანეს. როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, გუშინდელი უშედეგო მცდელობის შემდეგ, დღესაც იგივეს ცდიან.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ისაუბრებს, თუმცა ფიქრობს, რომ გამოძიება მალე დასრულდება. მისივე თქმით, საქმეზე, ჯერჯერობით, გამომძიებლები მუშაობენ და აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ექსპერტები საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან.

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.