მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოღაიდელი: პირდაპირ ითქვა, რომ დავით გარეჯის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე, საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა.

მან 2005 წლის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიხსენა.

ნოღაიდელის თქმით, ერთ-ერთ სხდომაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასვა კითხვა, რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი. საუბარია ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ბერთუბნის სალოცავებზე. მომხსენებელმა საპასუხოდ თქვა, რომ სამივე აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა.

როგორც ნოღაიდელი ამბობს, არ ახსოვს, ვინ იყო მომხსენებელი, თუმცა ამის მოძიება რთული არ არის.

„დაისვა კითხვა, რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი. ყოველგვარი თუ-ს გარეშე, იმის გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს რუკები და სხვაგან სხვა რუკებია, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი, აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა.

ეს თქვა მომხსენებელმა, თუმცა მისი ვინაობა არ მახსოვს. შეიძლება ის იყო სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე ან ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი და არა ექსპერტი. ამის დადგენა ძალიან ადვილია, უშიშროების საბჭოს ოქმები იქნება დაცული, მე არ მგონია აქ რამე პრობლემა იყოს.

კითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა და შესაბამისად, პასუხი მომხსენებლისგან მიიღო, შემდეგ გააკეთა დასკვნა სააკაშვილმა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა რჩება, ამ ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება. უშუალოდ, ამ სხდომაზე ამ პრობლემის მოგვარების მცდელობები ბევრი იყო. ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ შემდგომში მცდელობები იყო ტერიტორიის გაცვლის და ა.შ.“,- აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელებში გასაჯაროვდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აზერბაიჯანის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს.

გარდა ამისა, ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი პროკურატურაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა.

საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.