მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

პოლიციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს.

21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დააჯარიმა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 5 პირი დააკავა.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დააჯარიმეს. 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

ასევე თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 12 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.