მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 421 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

"პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.