მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის ლოგო

2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსის“ მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.

„გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსის“ მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე, ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.