მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პროკურატურისთვის ბავშვთა საუკეთესო ინტერესისა და უფლებების დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა

საქართველოს პროკურატურისთვის ბავშვთა საუკეთესო ინტერესისა და უფლებების დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა

საქართველოს პროკურატურა აქტიურად მუშაობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, წარმატებით მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა.

„ბავშვზე მორგებული გარემო გულისხმობს სათანადო კანონმდებლობას, სპეციალიზებულ პროფესიონალებსა და ინფრასტრუქტურულ მოწყობას, რათა სამართალწარმოების პროცესში თავიდან ავიცილოთ დაზარალებული არასრულწლოვნის ხელახალი ვიქტიმიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც მოწმე და დაზარალებული, ისე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ.

წარმატებით მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა, რომელიც არასრულწლოვნებს აძლევს შესაძლებლობას, ალტერნატიული ღონისძიებების ფარგლებში გააცნობიერონ ჩადენილი დანაშაული და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე. განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის დაბალი მაჩვენებელი (9%) ცალსახად მიუთითებს პროგრამის წარმატებაზე. 2010 წლიდან დღემდე განრიდების მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია. პროგრამის ამოქმედებიდან 2019 წლის მდგომარეობით, სულ 2910 არასრულწლოვანი იქნა განრიდებული. ამასთანავე, წლის განმავლობაში განრიდების მაჩვენებელი აღემატება არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს.

უაღრესად მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა მიმართ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მიზნით პროკურატურაში შემუშავებულია არასრულწლოვანთა განრიდებისა და ბრალდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც სისტემატურად ხორციელდება სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა და მართლმსაჯულების შედეგების ანალიზი საზოგადოებას წარედგინება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფის მიზნით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

„პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებში ჩართულ პროკურორთა, პროკურატურის გამომძიებელთა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სპეციალიზაციის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ პირთა სპეციალიზაციას აქვს განგრძობადი ხასიათი და ისინი ყოველწლიურად გადიან გადამზადებას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას გააჩნია რა მულტისექტორული შინაარსი, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ყველა რეგიონში შექმნილია არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელთა საქმიანობაში პროკურორებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეები, გამომძიებლები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. 

საქართველოს პროკურატურამ დანერგა არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი ორი მიმართულებით. 2018 წელს გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქცია და განისაზღვრა ბავშვზე ძალადობის რეაგირებისა და ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სხვა უწყებებთან კომუნიკაციის წესი. ხოლო, 2020 წლიდან ამოქმედდა რთული ქცევის მქონე ბავშვთა რეფერირების მექანიზმი - გენერალური პროკურორის ბრძანებით დადგინდა კანონთან კონფლიქტში მყოფი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა გადამისამართების წესი.

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.