მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სატელიტის ფოტოების გადამოწმებას ვერ დავიწყებდი“ - მიხეილ რამიშვილი

უფლებადამცველი

დღეს, 26 სექტემბერს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს.

მას გამოძიება სატელიტის ფოტოების გაყალბებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება.

დავით ფურცხვანიძის დაკავებასა და ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, დავით ფურცხვანიძესთვის დაკითხვაზე დასმული კითხვები რამიშვილის გარშემო ტრიალებდა და გულისხმობდა იმას, რომ სატელიტის ფოტოების დამკვეთი ადვოკატია.

„ფურცხვანიძეს უნდა ეთქვა, რომ სატელიტის ფოტოები მე დავუკვეთე. საგამოძიებო უწყებაში მას ამის თქმას სთხოვდნენ“, - აღნიშნა მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, სატელიტის ფოტოები გამოძიებას მტკიცებულების ფორმით არ გადასცემია.

„რომ ყოფილიყო ჩემი შუამდგომლობა და მიტანილი ფოტოები, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგებოდა. სატელიტის ფოტოები გამოძიებას მივაწოდე, როგორც ინფორმაცია, რომელიც უნდა გადამოწმდეს“, - დასძინა რამიშვილმა.

მისი თქმით, ფოტოების გადამოწმებას ვერ დაიწყებდა, რადგან სურდა, რომ საქმე მალე გამოძიებულიყო და დაედგინა სიმართლე, რასაც თავად ამბობს. მისთვის არ ჰქონია მნიშვნელობა ამ ფოტოების ნამდვილობა დააზარალებდა თუ არა მის რეპუტაციას.

„კვლავ მიმაჩნია, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილზე არ მდგარა, სადაც იპოვეს“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძის მიერ მიხეილ რამიშვილისთვის გადაცემული ფოტოები გამოძიებამ ყალბად ცნო.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თვაისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები