მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის ადვოკატი: ეს ყველაფერი „თრილერივით“ მომეჩვენა

ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველი ალექსანდრე კობაიძე გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დამძიმების ფაქტს გამოეხმაურა.

კობაიძე აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გაჟღერებული ვერსია „თრილერს“ ჰგავს.

„მე რომ ვუყურე აღნიშნულ ვერსიას, ეს ყველაფერი თრილერივით მომეჩვენა, რაც ბრალდების მხარეს წესით არ უნდა გაეკეთებინა. ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თურმე წყლამდე მისდიეს და შემდეგ წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, მინიმუმ დროში ხომ უნდა გაეზომათ? რამდენად რეალური და რელევანტურია. რა თქმა უნდა, ამათზე მათ პასუხი არ ექნება, თუმცა არაუშავს. დაცხვის მხარეს უფრო გაგვეხსნა ხელ-ფეხი, რომ ამ მიმართულებით მთელი რიგი საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩავატაროთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. ცნობილია რომ აგარაკზე, სადაც გიორგი შაქარაშვილი მეგობრის დაბადების დღეზე სტუმრად იმყოფებოდა, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

დღეს, 11 აგვისტოს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.