მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის შუალედური დასკვნა დაიდო

სამძებრო სამუშაობი გრძელდება

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შუალედური დასკვნა წარმოადგინა, რომელიც საზოგადოებას დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გააცნო.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დასრულდა შაქარაშვილთან მიმართებაში მეორე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი. 14 შეკითხვიდან პასუხი 8 შეკითხვას გაეცა, რომელიც ძირითადად ეხება დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს. ანუ, დასკვნა გაიცა ტრამვის განვითარების ირგვლივ.

„აღნიშნული პასუხების ანალიზის საფუძველზე და საქმის მასალების დეტალური შესწავლით, ბუნებრივია, ამავდროულად შემთხვევის ადგილას გასვლის რეჟიმში, ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთიან გადაწყვეტილებამდე - გიორგი შაქარაშვილი ხიდიდან გადმოვარდნით და წყალში ჩავარდნით ვერ მიიღებდა ამ დაზიანებებს, ყველას ერთად აღებულს. გამოირიცხა ისიც, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს დაგორებით მიიღებდა. შესაბამისად დავდეთ დასკვნა, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის საკმაო ძალის ზემოქმედებით. დაზიანებები განვითარდა ცემის რეჟიმში“,- აღნიშნა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასადგენია სიცოცხლის დროინდელი დაზიანებების ხანდაზმულობა.

„პირველი ექსპერტიზის დროს დაიდო დასკვნა, რომ დაზიანებები სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდშია განვითარებული, ამ ახლო პერიოდის დაკონკრეტების მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევის პირობებში, დაიდება უფრო კონკრეტული დასკვნა“,- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ექსპერტის თქმით, ექსპერტიზის წარმოების მეორე ეტაპზე იმსჯელებენ, გიორგი შაქარაშვილს ხომ არ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.

„ხომ არ ჰქონდა ტრამვული შოკისთვის დამახასიათებელი მოვლენები, რაც მის გადაადგილებას, აზრობრივ ფაქტორს შეუშლიდა ხელს. ვიმსჯელებთ, გონების დაკარგვის ეპიზოდების შესაძლებლობაზე, უმწეო მდგომარეობაში ყოფნის ალბათობის საკითხთან მიმართებაში“, - აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

ამასთან, დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, პასუხი გაეცემა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - რამდენი ხანი იმყოფებოდა შაქარაშვილი წყალში და იყო თუ არა ნაადრევი ან მოგვიანებითი გვამური მოვლენების თანაარსებობის რესურსი.

დღეს, 11 აგვისტოს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა.

ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპოვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.