მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში მოწმეები დიჯეი კოკო და ლერი მჭედლიძე დაკითხეს

დიჯეი კოკო სასამართლოში გამოიკითხა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე მოწმეები დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე და ლერი მჭედლიძე გამოიკითხნენ.

სასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდედ კონსტანტინე ღიბრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროცესზე ჩვენებაში მიცემული ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაიხსენა და კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ არაფერი იცის.

„არავინ დამისახელებია, რაც ჩვენებებში მეწერა, ის ვთქვი სასამართლოზეც. კონკრეტულად არც ჩვენებებში მისაუბრია ვინმეს მიმართ ჩემს პრეტენზიაზე. ვერ მოვახდინე ვერავის იდენტიფიცირება“, – აღნიშნა კონსტანტინე ღიბრაძემ.

დღეს დაკითხული მეორე მოწმის ლერი მჭედლიძის განმარტებით, მაგისტრალზე იმ დროს გადაადგილდებოდა, როდესაც გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობრებს „მერსედესის“ ავტომობილის მგზავრები თავს დაესხნენ.

როგორც მოწმემ სასამართლოზე აღნიშნა, დაინახა, როგორ გარბოდა მაგისტრალზე სამი პირი, აგრეთვე პიროვნება, რომელმაც რკინის ხელკეტი მოუქნია, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

პროკურორის განმარტებით, ორი პირი, რომელიც „მერსედესის“ მგზავრებთან ერთად ჩხუბში ჩაერთო და მანამდე ერთ-ერთ დაზარალებულს, გიორგი ქათამაძეს ტელეფონის ნომერი გამოართვა, ბრალდებულები – ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი არიან.

„მოწმეს არ დაუსახელებია სახელები და გვარები, თუმცა ისაუბრა, რომ ორი პირი, რომლებმაც გიორგი ქათამაძეს გამოართვეს ტელეფონი, ჩართულები იყვნენ ჩხუბში ხელებისა და ფეხების ქნევით. მას ამოცნობა არ შეეძლო და თავდაცვის მიზნით დატოვა ტერიტორია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელკეტიანი პიროვნება არის ნიკა ჟვანია, რომელმაც ღიბრაძეს ფეხის არეში მოუქნია ხელკეტი“, – აღნიშნა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.