მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავა

დაკავებული ადამიანი ზურგით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 4 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს
დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ.

შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებვული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

„გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.