მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უმკლავდება თუ ვერა სასამართლო სისტემა საყოველთაო კარანტინს

დისტანციური სასამართლო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის ფარგლებში სასამართლოები დისტანციური მუშაობის რეჟიმში არიან.

როგორც PIA.GE-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, სამივე კოლეგიის (სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) საქმე განიხილება, თუმცა შეზღუდულად. ის საქმეები, რომლებსაც შემჭიდროვებული განხილვის ვადები არ აქვს, გადაიდება ან გადავადდება. შემჭიდროვებული ვადების გამო კი, ზოგიერთი პროცესი იმართება დისტანციურად, მხარეები ერთვებიან თავიანთი ადგილსამყოფელის მიხედვით. ზოგიერთი პროცესი სასამართლოში ადგილზე იმართება, თუმცა მასში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეები, იზღუდება დამსწრეების და მედიის წარმომადგელების დაშვება.

"განიხილება ის საქმეები, რომლებსაც განხილვის მცირე ვადები აქვთ დარჩენილი, ან შემჭიდროვებული ვადაა მოცემული", - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

საქმეების გახილვის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ მარსაგიშვილმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომელიც 16 მარტით თარიღდება.

ბრძანების თანახმად, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი:

მათ წარმოებაში არსებული საქმეთა განხილვის გადადება დადგენილი ვადების გათვალისწინებით, გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეების.

პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლების, რაოდენობის შეზღუდვა. სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისთვის ჩაბარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:

სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა, მოქალაქეთა (მათ შორის მედიის) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა ადმინისტრაციულ შენობაში, მათ შორის სასამართლოში სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები;

სასამართლოს შეობაში მოქალაქის შესვლისას ტემპერატურის შემოწმება შესაბამისი მოწყობილობისა და აღჭურვილობის გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში) და ინფორმაციის მიწოდება სადეზინფექციო საშუალებით ხელებით დამუშავებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მოქალაქეებმა სასამართლოსთვის მიმართვისას უნდა ისარგებლონ დისტანციური სერვისებით, მათ შორის სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით.

სარჩელები და სხვა დოკუმენტაცია მიიღება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში (მათ შორის თბილისი, ბულაჩაურის ქუჩა N7ა-ს მოქალაქეთა მისაღებში) განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.

სასამართლოს ვიზიტორებმა (მოქალაქეებმა) თავი უნდა შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირების გარეშე ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს. მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში მისვლა, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები.

sasamartlo_o_h.jpeg

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, ისიც დისტანციურ მუშაობაზეა გადასული.

"საქმეების ნაწილი, რომლის გადადებაც შესაძლებელია, არის გადადებული, გაურკვეველი ვადით. ხოლო ის საქმეები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული, დისტანციურად ხდება მათი განხილვა", - განუცხადეს pia.ge-ს სააპელაციო სასამართლოში.

საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

"ახალი კორონავირუსის გავრცელებამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად გლობალური პრობლემისა შეიძლება ითქვას, რომ ქართული სასამართლო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა. რისკების შეფასებით და სასამართლო სისტემის სწრაფი მანევრირებით დაინერგა დისტანციური შრომის რეჟიმი, დისტანციურად დოკუმენტბრუნვის შესაძლებლობა და სხდომების ჩატარება. გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ამ პროცესს თან ახლდეს - მზად ვართ მისი მართვისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 30 მარტს არის გავრცელებული.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 1 თვის ვადით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 23 კი, გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს.