მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინგის შემდეგ დამნაშავის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელების და მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სიცრუეა, თითქოს პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა და გაექცა.

„როგორც აღვნიშნე ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. ტყუილია ეს ყველაფერი, სიმართლეს არ შეესაბამება და გპირდებით დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც პოლიციის მიერ ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი გაიგებთ ჩვენგან.

მაშინ როდესაც მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ფიზიკური აღნაგობა ბოროტმოქმედის, ისმის მისი ხმა, ჩვენ არ გამოვრიცხავდით რომ ვიღაცამ ნებისმიერმა მოქალაქემ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა. ასევე, არ გამოვრიცხავთ რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაცა ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ცნობილი მედიასაშუალებებისთვის, მაგრამ ეს არის ვარაუდი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.