მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ბორცვაძე: კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა თავდამსხმელის მონაცემები პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს

შს მინისტრის მოადგილე ბრიფინგზე

„კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად და საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიის მხრიდან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება საგამოძიებო მოქმედებებს გარკვეულწილად ხელს უშლის.

„ჩვენ მედია საშუალებებს გუშინ მოვუწოდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, არ გაევრცელებინათ ეს ინფორმაცია, რადგან ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედია საშუალებებამდე. სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, ჩვენს მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად, ისევ და ისევ საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს, რაც გარკვეულწილად ისევ საპოლიციო ძალების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება და ხელს უშლის როგორც გამოძიებას, ისევე საპოლიციო ღონისძიებებს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამნინისტრომ დაადასტურა, რომ ბანკზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.