მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალგორის საავადმყოფოში ე.წ. საზღვრის დამრღვევები კარანტინში მოათავსეს

3 პირი ახალგორში კარანტინში იმყოფება

ოკუპირებული ახალგორის რაიონში 3 პირი, რომლებმაც ე.წ. საზღვარი დაარღვიეს, ადგილობრივ საავადმყოფოში კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად სად იყვნენ დაკავებული ეს ადამიანები, არ ვრცელდება.

როგორც გამოცემას ახალგორის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ზურაბ გობოზოვმა განუცხადა, ამჟამად კლინიკაში COVID 19-ით მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დამრღვევები კარანტინში 14 დღეს გაჩერდებიან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ახალგორის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ონისე გათენაშვილი გარდაიცვალა, როდესაც ის სამკურნალოდ თბილისში მიჰყავდათ. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან გათენაშვილის გადმოყვანა დე ფაქტო რეჟიმის გამო გაჭიანურდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.