მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს ჩვენი მშვიდობიანი პირები დაეხოცა

ალიევი სომხეთის პრეტენზიებზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთს პრეტენზია აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ალიევმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „საქართველოს არ სურდა, რომ გამხეცებულ მტერს ჩვენი მშვიდობიანი პირები დაეხოცა“. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.  

„რა ურთიერთობა აქვს სომხეთს მეზობლებთან? მათ ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია. თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები. რუსეთი ახლა უკმაყოფილებას გამოხატავს და მე ვიცი რატომაც. მათ ირანის ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღის ჩატანა ვერ შეძლეს. იმიტომ რომ ირანი ჩვენი მეგობარი და მოძმე ქვეყანაა. მათ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და საჰაერო სივრცე დახურეს. მათ არ სურდათ, რომ ყარაბაღში ჩატანილ იარაღს აზერბაიჯანელები დაეხოცა. საქართველოს მიმართაც იგივე პრეტენზია არსებობს - ომის დროს საქართველომ დახურა საჰაერო სივრცე და სახმელეთო გზით იარაღის მიწოდება არ დაუშვა“ - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთების ტრანზიტი შეჩერებულია. აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ბაქოსა და ერევნის თხოვნით საქართველომ რუსეთის სამშვიდობო ძალების თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა.