ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას სართაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას უწოდებს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე www.mzv.cz გავრცელდა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, რომ რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას ხელი შეუწყოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.
ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ფარგლებში.
ცნობისთვის, 24 ნოემბერს ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურ, ფინანსურ, საბაჟო და სხვა სფეროებში ერთიანი სივრცის შექმნაზე შეთანხმდნენ. პროგრამა 2-3 წელზეა გათვლილი. ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრაზე იყო მიღებული.