მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტურიზმი თუ ეპიდუსაფრთხოება - ოკუპრებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს ვერ ხსნის

შავი ზღვის სანაპირო

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახსნის ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს ტურისტებისთვის. გასულ წელს ტურსიტული სეზონი რეგიონში მაისიდან გაიხსნა და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა, ხოლო რა მოხდება წელს, არავინ იცის. ამის შესახებ გამოცემა "როსბალტი" იუწყება.

კორონავირუსული პანდემიის გამო, ოკუპირებული აფხაზეთი არჩევანის წინაშე დგას, შეინარჩუნოს სტაბილური ეპიდვითარება და უარი თქვას რუსეთიდან ტურისტებზე, თუ პირიქით.

როგორც ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა დე-დაფტო საზღვარი რუსეთთან "სინქრონულად" გაიხსნება, ხოლო ტურისტებს რეგიონში შესასვლელად "კოვიდ პასპორტი" დასჭირდებათ.

გამოცემის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონში ზღვის სეზონი უკვე გაიხსნა, თუმცა პლაჟები ცარიელია. ადგილობრივებს წყალში ჩასვლის ეშინიათ, რადგან დარწმუნებული არ არიან, რომ ის სანიტარულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ადგილზე რუსეთიდან ტურისტების მიღებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. არ არსებობს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომლებიც მოგზაურებმა უნდა დაიცვან. ამასთანავე უცნობია, მოსთხოვს თუ არა რუსეთი ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს კარანტინის გავლას.

ოკუპირებული რეგიონების სასტუმროები ტურისტების მისაღებად მზად არ არიან. ისინი ვერ აკმაყოფილებენ "როსპოტრებნადზორის" მოთხოვნებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

ნათელია, რომ პანდემიის პირობებში რეგიონის სასტუმრო ბიზნეს სექტორი სრულიად მოუმზადებელია სტუმრების დასახვედრად, თუმცა მათ მომსახურების მაღალი დონე არც მანამდე ჰქონიათ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი აღიარებს, რომ აპრილსა და მაისში რეგიონის შემოსავლები განახევრდა და ახლა ერთადერთი იმედი ტურიზმის ამოქმედებაა, თუმცა ეს საფრთხისშემცველია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსეთთან ე.წ. საზღვარი 20 მარტს ჩაიკეტა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 36 შემთხვევა დადასტურებული, რომელთაგან 8 პირი გუდაუთას საავადმყოფოში მკურნალობს, 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 პაციენტი გარდაიცვალა.