მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ

გამშვებ პუნქტებზე გასვლამდე ტრენინგი

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება.

სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს. სამწყობრო მოედანზე საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები რეგიონში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე ინაცვლებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით მოქალაქეების გადაადგილების კონტროლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

ბრიგადის პირადი შემადგენლობა გორის შესასვლელებთან 5 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული. ხუთივე საგუშაგოსთან საველე სამედიცინო პუნქტებია მოწყობილი, სადაც I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ექიმები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. დღის განმავლობაში ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მედპერსონალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და აღმოსავლეთის სარდლობის მართვის ცენტრს ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის.

თერმოსკრინინგის გავლამდე მოქალაქეებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, რათა არ დაირღვეს 2-მეტრიანი დისტანცია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო პუნქტებთან დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო სისტემების დახმარებით იღებენ. ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო ბანერებიც. პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ავტომანქანას სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას უტარებენ.