მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვეფხვია გულედანი: აშშ-ის ელჩმა მედიასთან მიმართებაში სწორი აქცენტები გააკეთა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, 2020

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მედიასთან მიმართებაში სწორი აქცენტები გააკეთა.

გულედანის განცხადებით, ობიექტური მედიისთვის ნამდვილად საჭიროა თავისუფლების მაღალი ხარისხი, ისევე როგორც, ჟურნალისტური ქცევის ეთიკის ნორმები და მისი დაცვა:

„მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მედიასთან მიმართებაში სწორი აქცენტები გააკეთა. ჩვენი შეფასებით, ზოგადად, ობიექტური მედიისთვის ნამდვილად საჭიროა თავისუფლების მაღალი ხარისხი, ისევე როგორც, ჟურნალისტური ქცევის ეთიკის ნორმები და მისი დაცვა. ზემოთ აღნიშნულის გარეშე ჟურნალისტიკა ემსგავსება ძველ გემს, რომელსაც არც იალქნები აქვს და არც ღუზა... ასევე მივიჩნევთ, რომ აღნიშნული აქცენტები კონკრეტულ მედია გადაცდომებს ეხება, რომლებიც ფართო საზოგადოებრივ ინტერესსაც უგულებელყოფენ ეს პირველ რიგში არის მთავარი არხი და სხვა... დაუშვებელია, მედია გამუდმებით სკანდირებდეს ნეგატიურ, შფოთურ და ტყუილით, ხშირად ცილისწამებლური დამცინავი რიტორიკით, ასევე კვეთდეს ისეთ წითელ ხაზებს, როგორიცაა რელიგიური რწმენა და მისი ფუნდამენტური მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფა, რაც, ასევე, ქართული საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობის გაღიზიანებას და შფოთს იწვევს. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი ან სხვისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების შეურაცხყოფის უფლებას. ასევე გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს საკუთარი გამოხატვით, სხვისი უფლებების შელახვას. სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკითხი მაღალი პოლიტიკური წრეების სასაუბრო თემად იქცა, ეს ნამდვილად ურჩი, თვითმარქვია ჟურნალისტების დამსახურებაა და ჩირქს ცხებს ჯანსაღ მედია სექტორს“, - აღნიშნა ვეფხვია გულედანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟურნალისტი არ უნდა იქცეს პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად უნდა წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს.