მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

29 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

ზვიად გამსახურდია

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 29 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს, 12:30 საათზე, იმავე წლის 31 მარტის რეფერემდუმის შედეგის საფუძველზე, ამჟამინდელ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა ოკუპაციიდან მალევე დაიწყო. მცირე მასშტაბის გამოსვლები კახეთში, ხევსურეთსა და სვანეთში 1921-1922 წლებშივე მოეწყო, რამდენიმეგზის გადადების შემდეგ სრულმასშტაბიანი აჯანყება კი 1924 წლის აგვისტოში დაიგეგმა. აჯანყება დაწყებამდე გაიცა და შემდეგ სასტიკად იქნა ჩახშობილი. 1 კვირაზე ნაკლებ დროში გაუსამართლებლად მოკლეს ან დახვრიტეს 12 000-ზე მეტი ადამიანი.

თუ XIX საუკუნეში პირველი ანექსიისას ეროვნულ მოტივებზე მოწყობილი აჯანყებები ან აჯანყების მცდელობები 32 წელს გაგრძელდა, საბჭოთა საქართველოში ისეთი ტირანია დამყარდა, რომ უკვე 1924 წელს ყოველგვარი წინააღმდეგობა შეწყდა.

1921-1924 წლებში რეპრესიების პირველი ტალღისას დახვრიტეს: ვალიკო ჯუღელი, ლევან რაზიკაშვილი, კოტე აფხაზი და მასთან ერთად სხვა 14 სამხედრო ჩინის მქონე პირი, ძირითადად გენერლები და პოლკოვნიკები. დააპატიმრეს, მაგრამ არ დაუხვრეტავთ კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია.

რეპრესიების მეორე ტალღას, 1937 წელს, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, მემედ აბაშიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ვლადიმერ ჯიქია, ნიკოლო მიწისვილი და სხვა ცნობილი ადამიანები ემსხვერპლნენ. მათთან ერთად 1 წელიწადში დახვიტეს ფართო საზოგადოებისთვის უცნობი 15 000-ზე მეტი ადამიანი, 70 000-ზე მეტი კი - დააპატიმრეს ან გადაასახლეს.

სტალინის სიკვდილისთანავე 1953 წელს, თბილისში 14 წლის მოზარდებმა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით არალეგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“ დააარსეს. 1956 წლის დეკემბერში მათ თბილისის ქუჩებში პროკლამაციები გააკრეს, სადაც ისინი მოსახლეობას 9 მარტის ტრაგედიას, 1924 და 1937 წლების რეპრესიებს ახსენებდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. არალეგალი მეთერთმეტეკლასელები მალევე დააპატიმრეს, თუმცა 31 წლის შემდეგ ფართომასშტაბიან ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას სწორედ ისინი ჩაუდგნენ სათავეში.

თბილისში საპროტესტო აქციები მერაბ კოსტავას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 1987 წლის შემოდგომიდან დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამვლელი გაზი და სანგრის სათხრელი ნიჩბები გამოიყენეს, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 1 ადამიანი „კომენდანტის საათის დარღვევის გამო“ ავტომობილში ჩაცხრილეს.

1990 წლის 28 ოქტომბერს 71-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, სადაც მმართველმა „კომუნისტურმა პარტიამ“ ხმათა 30% აიღო და უმრავლესობა დაკარგა. ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ხმათა 54% მოიპოვა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს. იქამდე საბჭოთა საქართელოს მთავრობამ 1921 წლის ოკუპაციის ფაქტი აღიარა.

1991 წლის 31 მარტს, მთელი საქართელოს მასშტაბით გამართულ რეფერედნუმში ამომრჩეველთა 90%-მა მიიღო მონაწილეობა და 99%-მა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა. საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 9 აპრილს, ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის თავზე, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თარიღი 9 აპრილი უბრალო დამთხვევა არ ყოფილა და მისი მნიშვნელობა თავად გამსახურდიამ განმარტა: „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სრული ტექსტის ნახვა საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან 1.5 თვის შემდეგ, 1991 წლის 26 მაისს, პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. მან ხმათა 87% მიიღო.

დღემდე საქართველოში დამოკიდებლობის 2 დღე აღინიშნება 9 აპრილი და 26 მაისი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, პირველი მუხლის, პირველი პუნქტი დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილს აღიარებს. ეს მუხლი კი ასე ფორმირდება: „1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.“

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი