მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ტოლობის ნიშანს სვამს კონსტიტუციასა და რურუას გათავისუფლებას შორის

ქართული ოცნების წევრი, 2020

"საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ ცვლილებების არსი და რა გავლენა ექნება მას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება დისტანციურად, ონლაინ ჩართვით, სადაც შესაძლებელი იქნება კომენტარების დატოვება.

დეპუტატის თქმით, თუ ვინმეს ექნება წინადადება, შენიშვნა და მოსაზრება, მათ შემაჯამებელ ოქმში შეიტანენ.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციას სურს ამ შეთანხმებიდან გასვლა.

"ისინი იყენებენ საბაბად იმას, რომ ტოლობის ნიშანი დასვან საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ვინმე რურუას გათავისუფლებას შორის. ქვეყნის ფუნდამენტურ დოკუმენტზე, ძირითად კანონზე - კონსტიტუციაზეა საუბარი. კონსენსუსს, რომელიც მიღწეული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მათ ნახეს ხელისუფლების ეფექტიანი და ქმედითი ნაბიჯები ვირუსთან ბრძოლაში. ნახეს ასევე კვლევის ის შედეგები, სადაც ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა არის მტკიცე. რეალურად ისინი არიან 3%-იანი მხარდაჭერის ფარგლებში მერყევი ჯგუფები. შესაბამისად, ასეთი ჯგუფი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი არჩევნებში. ამიტომ ერთადერთი გზა, რაც რჩებათ, არის ეს პროცესი შეიყვანონ ჩიხში. მაგრამ ეს არის მათი პასუხისმგებლობა, რაც ბევრ რაიმეზე მიუთითებს. ეს პასუხიმგელობა იმეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული ჯგუფები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოირჩეოდნენ დესტრუქციით. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა პარლამენტზე შტურმის მცდელობის კადრები", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე ცინიკური იყო გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომ მათ გამოიყენეს ხალხის გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური პროტესტი საკუთარი მიზნებისთვის.

„ეს იყო ძალიან მძიმე ჩვენება და აღიარება. აი, ისინი არიან, ვისაც სურთ კონკურენცია გაუწიონ „ქართულ ოცნებას“, თუმცა ჩვენი საზოგადოება ამას კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთი გამარჯვება ელის ჩვენს გუნდს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.​