მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ ვიცი, რა მახსენა და როგორ მახსენა - სააკაშვილი ნოღაიდელზე

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი

„არ ვიცი, რა მახსენა და როგორ მახსენა“, - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ციტატას „პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა“.

„ჩემზე მეტად ვის უყვარს საქართველო? ჩემზე მეტად ვინ იცავდა მის ტერიტორიებს? ჩემზე მეტად ვინ გადაიკიდა საქართველოს ნამდვილი მტერი? მაგრამ, მე დამაბრალო ის, რის წინააღმდეგაც ყოველთვის ვიბრძოდი...

საქართველოს კუტლურული, ეროვნული და რელიგიური სიმბოლოები ჩემთვის წმინდათა წმინდაა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა „დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თავის პრემიერ-მინისტრობის დროს, იმედი ჰქონდა, დავით გარეჯის საკითხი პროფესიონალურად იყო გამოკვლეული და პასუხისმგებელმა პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობდა.

კითხვაზე, იყო თუ არა საკითხთან დაკავშირებით მისი ნდობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კეთილსინდისიერების იმედზე დამყარებული, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ კი, ეს მისი უშუალო პასუხისმგებლობა იყო.

⭕ შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც გამოიკითხა.

⭕ როგორც ირკვევა, 2005 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანელ კოლეგას წერილი გაუგზავნა, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საქართველოს მაშინდელი პრემიერი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს.

⭕ იქამდე, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, დააკავეს.

⭕ პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი.