მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩევნების შედეგები დადასტურდა და 10 დღეში პარლამენტი შეიკრიბება

პლენარული სხდომა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხელი მოაწერა. 

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღეს იმართება.

შესაბამისად მე-10 მოწვევის პარლამენტი არაუგვიანეს 13 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს.

მანდატები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება" - 90 დეპუტატი
ენმ - „ძალა ერთობაშია" - 36 დეპუტატი
„ევროპული საქართველო" - 5 დეპუტატი
„ლელო" - 4 დეპუტატი
„პატრიოტთა ალიანსი" - 4 დეპუტატი
„სტრატეგია აღმაშენებელი" - 4 დეპუტატი
„გირჩი" - 4 დეპუტატი
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 2 დეპუტატი
„ლეიბორისტული პარტია" - 1 დეპუტატი

პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ. საკანონმდებლო ორგანოში 9 პარტია მოხვდა.

არცერთი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა, ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

ახალი მთავრობა...

ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ვადის ამოწურვის არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📌რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

📌რა გეგმები აქვს ოპოზიციას პარლამენტის შეკრების დღეს?