მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ჩიხელიძე ნაციონალურ მოძრაობას: თავდაცვის მინისტრის, გენერლების, ოფიცრების და ჯარისკაცების სადღეღამისო გონივრული ქმედებებია თქვენი ბოროტი შთაგონების წყარო

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

„თავდაცვის მინისტრის, გენერლების, ოფიცრების და ჯარისკაცების სადღეღამისო გონივრული ქმედებებია თქვენი ბოროტი შთაგონების წყარო“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ შეთქმულებას თავდაცვის უწყებისა და ჯარის წინააღმდეგ. 

„ადრეც დავწერე, იმ წერილს დავარქვი სულხან-საბასეული - „მწუხარება სხვის სიკეთეზედა“. მაშინდელი წერილის შთაგონების წყარო, ჯარისა და თავდაცვის მინისტრის მიმართ უსაფუძვლო, უზნეო, უსამართლო, ტყუილებითა და ბოღმით შეზავებული საყოველთაო შტურმი გახდა. ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ შეთქმულებას თავდაცვის უწყებისა და ჯარის წინააღმდეგ. ამაოდ, მაგრამ მაინც ვიფიქრე, იქნებ ვინმესთვის ნამუსის ძალიან პატარა ძარღვი შემეტოკებინა, რათა მინიმუმ, უსამართლო და ქვეყნის წინსვლით, სიკეთით ურვამოგვრილი ადამიანებისთვის შემეხსენებინა, რომ არაობიექტური, სიცრუით შეზავებული პასკვილები და საქართველოს წინსვლით გამოწვეული შფოთვა გვერდზე გადაედოთ, რადგან საქართველო მათ სამშობლოდაც ითვლება. ითვლება მეთქი იმიტომ, რომ თავად არ თვლიან ასე, რადგან მათი სამშობლოა მაოხრებელი გზირი, გაუკრაინებული ბელადი, დანარჩენი ჭირსაც წაუღია ყველაფერი. „ნაც. მოძრაობას“ ვგულისხმობ და მათ „შნირებს“, პარტიები რომ დაირქვეს და ქართველი ხალხის მოურჩენელ ტკივილად გადაიქცნენ, იმედია არამარადიულად. ბუნებრივია არ შეისმენდნენ - „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ და არც შეისმინეს. სულ გაცოფდნენ როცა ჯარის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. ეს არის 87%. და მოხსნეს ბოღმის გულ-მკერდს სახურავი, აკივლდნენ, ასისინდნენ, ხან ჩაქაფული ხელმესამედ მიაყვედრეს ჩვენს და საკუთარ შვილებს (თუმცა მათი შვილები შეიძლება არც არიან ჯარში), ლუკმა აუწონეს, „პეჩენიები“ მიუთვალეს, ფორმა შეიშურეს, ღაწვები დაიგლიჯეს და დაისილაქეს - „რატომ არს სიკეთე ქვეყანასა ზედაო“, - წერს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს და აღნიშნავს რომ, ჯარის რეიტინგი იქნება მაღალი, იქნება რეფორმები და იქნება გამარჯვება.

„დიახ „ნაცნო“ და „არანაცნო“, დღევანდელი თავდაცვის მინისტრის ი. ღარიბაშვილის, ღირსეული გენერლების, ოფიცრების, ჯარისკაცების ერთობლივი, სადღეღამისო, გონივრული და რეფორმებზე ორიენტირებული ქმედებებია თქვენი ბოროტი შთაგონების წყარო. მაგრამ ჩემს წერილს მაინც ასე დავამთავრებ - თქვენდა სამწუხაროდ, ჯარის რეიტინგი იქნება მაღალი, იქნება რეფორმები, იქნება გამარჯვება, იქნება ერთიანი საქართველო, ხოლო თქვენი „მწუხარება სიკეთესა ზედა“ თქვენთან ერთად გაქრება, როგორც ბოროტი მოგონება ქართველი ხალხისა. გარდა ხალხის მიერ საუკუნოვანი გენეტიკური სიყვარულისა ჯარის მიმართ, მაღალი რეიტინგი ასევე განპირობებულია იმით, რომ მსოფლიო პანდემიის დროს, პოლიციასთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად ჯარისკაცები ღირსეულად, მტკიცედ იდგნენ საკუთარი მოსახლეობისა და ქვეყნის სადარაჯოზე განსაცდელის ჟამს. ხალხი ბრძენია ყველაფერს ხედავს“, - წერს დავით ჩიხელიძე.