მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი: დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად გაცემის პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება

გარემოს დაცვის მინისტრი

"სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენის შესაძლებლობა არ არის მოკლევადიანი პროექტი და მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი", - აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ინიციატორი იყო  საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან. პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის  საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.