მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავითაშვილი: სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი შეზღუდვის პირობებში

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრიფინგი 2020

"სასურსათო მარაგები და მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნებისმიერი შეზღუდვის, მათ შორის, კარანტინის პირობებში", -აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არსებულ სიტუაციაში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც კრიზისის პირობებშია და ებრძვის პანდემიას.

დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არსებული ვითარების შექმნის პირველი დღიდან არსებობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც მუშავდება სამოქმედო გეგმა და გადანაწილებულია ფუნქციები.

"24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, შტაბი შექმნილია სამინისტროშიც. ყველა კონკრეტულ მიმართულებას ჰყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც ახდენს კოორდინაციას და მუდმივ კავშირშია ბიზნესოპერატორებთან, კერძო სექტორთან და ყველა ჩართულ მხარესთან. განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინო ზონებია ქვემო ქართლში, რაც გამოწვევაა შეუფერხებელი მომარაგების კუთხით. როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, ჩნდება სირთულეები იმპორტიორებისთვის, დისტრიბუტორებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებლობით არის გამოწვეული. ეს არ არის სასურველი გადაწყვეტილებები, მაგრამ არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ დაავადების გავრცელებას. სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვი ძალიან კომპლექსურია. ეს არ არის მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, რომელსაც  ყველა მომხმარებელი ხედავს, ამის უკან ვრცელი ინფრასტრუქტურაა. დისტრიბუცია, რომელიც მუშაობდა ღამის საათებში, გარკვეულწილად შეზღუდულია და მათ უწევთ გადაეწყონ ახალ მოცემულობაზე. ქვემო ქართლში შეიქმნა 6 მსხვილი სადისტრიბუციო ცენტრი იმისთვის, რომ, შეზღუდული მობილობის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არ მოხდეს საკვებით უზრუნველყოფაში შეფერხება. ეს საკითხი დალაგდა - კოორდინირებულად ხდება როგორც ადგილობრივი დისტრიბუტორების, ისე ქვეყანაში წარმოდგენილი მსხვილი დისტრიბუტორების დაკავშირება. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მოთხოვნების, საკარანტინო მოთხოვნების დაცვა და ამ პირობების გათვალისწინებით მოქმედება”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.