მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, ქვეყნის განვითარების გზაც უცვლელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური

„საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება.

„საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა უცვლელია - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, განვამტკიცოთ ევროპული ინსტიტუტები, განვავითაროთ საუკეთესო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მხარი ავუბათ ევროპას გამოწვევებთან გამკლავებაში. საქართველო წლებია, მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ჯარისკაცები მედგრად დგანან გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველგან სამაგალითოდ ასრულებენ თავის მოვალეობას. 32 მათგანი დაიღუპა ამ საპატიო და რთული მისიის შესრულებისას. დღეს ჩვენ ვართ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მონაწილე, რადგან საქართველოს უსაფრთხოება გლობალური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და დაცულობაზე,” - განაცხადა გიორგი გახარიამ.