მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: საპენსიო ფონდის გახსნის მოთხოვნა პოპულისტურია, ეკონომიკის არაფერი გაგეგებათ

პრემიერი საკოორდინაციო საბჭოზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, საპენსიო ფონდის გახსნაზე ოპოზიციის მოთხოვნა პოპულისტურია.

"საპენსიო რეფორმის შედეგად შეგროვდა 772 მილიონი. საპენსიო ფონდი არის გრძელვადიანი ეკონომიკური ინსტრუმენტი. როდესაც თქვენ მთავაზობთ, კონკრეტული კრიზისის პირობებში საპენსიო ფონდის გახსნას და ამის დახარჯვას, გარდა იმისა, რომ ეკონომიკის საერთოდ არაფერი გაგეგებათ, პოპულისტურადაც ხართ განწყობილი. საპენსიო ფონდის ეფექტურობის 1, 2 ან 3 წლით დათვლა შეუძლებელია, მისი პროგნოზირების სიღრმე არის 10 და მეტი წელი. დღეს, ამ ფონდის მომგებიანობა არის 14%, რაც ცუდი არ არის", - მიმართა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე.

პრემიერი აქვე დასძენს, თუ ოპოზიციას საპენსიო ფონდის გახსნა და თანხის სხვა მიმართულებით დახარჯვა სურს, აიღოს ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი დაარეგისტრიროს.

"გამოდიხართ და ამბობთ, საპენსიო ფონდი გახსენით და ეს ფული რაღაცაში გამოიყენეთ, მაშინ, როდესაც ის არის ჩემი მოქალაქის ხანდაზმულობის და მისი ნორმალურად სოციალური უზრუნველყოფილი საპენსიო ასაკის გარანტი. მე სხვა გარანტია არ მაქვს. ახლა ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენ თუ ასე ხართ იმაში დარწმუნებული, რომ ეს საპენსიო ფონდი დღეს უნდა გავხსნათ, ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება, ხომ თვლით, რომ ეს მაგარი იდეაა, დააინიცირეთ. აიღეთ ეს პოლიტიკური რისკი თქვენს თავზე, გამოდით და დაარეგისტრირეთ", - მიმართა გიორგი გახარიამ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს.

ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.