მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვეფხვია გულედანი: პოლიტიკური პარტიების ანტიკრიზისული სტრატეგიები ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება და რეალობას არ ასახავს

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი

„თუ რეალურად დახმარება გსურთ, რა საჭიროა ამდენი ბალ-მასკარადი და ბრიფინგი?“ - ამ სიტყვებით საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.

მისივე თქმით, სტრატეგიის შეთავაზება გათვლილია იმ შემთხვევისთვის, როცა ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს და კარგ ჩასაფრებულ პოზიციებს ქმნის იმისთვის, რომ შემდგომ რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირონ: „აი, ხომ ვაცხადებდით და სტრატეგიასაც კი ვთავაზობდით, რომ ეს არ მომხდარიყოო“

„პოლიტიკური პარტიების მხრიდან გახშირდა ანტიკრიზისული სტრატეგიების პრეზენტაციები. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული იმდენად არ ემსახურება კრიზისის პრევენციას და სახელმწიფოს ხელშეწყობას, რამდენადაც პოლიტიკურ პიარს. აღნიშნული პოზიციის მართებულობას კი მათ მიერ წარმოდგენილი, რეალობას აცდენილი სტრატეგიები ადასტურებს. ასევე, ვფიქრობთ, რომ სტრატეგიის შეთავაზება გათვლილია იმ შემთხვევისთვის, როცა ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს და კარგ ჩასაფრებულ პოზიციებს ქმნის იმისთვის, რომ შემდგომ რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირონ: „აი, ხომ ვაცხადებდით და სტრატეგიასაც კი ვთავაზობდით, რომ ეს არ მომხდარიყოო“ (საბედნიეროდ, განვლილმა დღეებმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას სწორი სტრატეგიით მოქმედებს, რაც შეცდომის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს). ეს „ჭკვიანური“ სვლაა იქ, სადაც სძინავთ და ბნელა, ჩვენს რეალობაში კი უბრალოდ სირცხვილია“, - ამბობს გულედანი.

როგორც პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე აზუსტებს, ზემოხსენებული სტრატეგიები რიგ შემთხვევაში ბიუჯეტთან არ მოდის თანხვედრაში, რიგ შემთხვევაში კი - საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„აწ უკვე ხსენებული სტრატეგიები, როგორც უკვე ვთქვით, აცდენილია რეალობას, რიგ შემთხვევაში ბიუჯეტთან არ მოდის თანხვედრაში, რიგ შემთხვევაში კი - საერთაშორისო პრაქტიკასთან. შესაბამისად, მათი სტრატეგიები ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება და რეალობას არ ასახავს. პატარა გიორგი ვაშაძე არ ანებებს თავს სწრაფი ტესტებით მანიპულაციას და კვლავ სკანდირებს, რომ ტესტებშია ჩვენი ხსნა, მაშინ როცა აშშ-მ 2 ტრილიონი დოლარი გამოყო ვირუსის პრევენციისთვის და ძირითადი აქცენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატებზეა და არა ერთჯერად ტესტებზე. „ლელოს“ ვერ გაუგია ანტიკრიზისულ გეგმას 1-მილიარდი სჭირდება თუ 2 მილიარდი. კახური ანეკდოტისა არ იყოს, ცოტა ახლო-ახლო მაინც თქვით...

შესაბამისად, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. თუ რეალურად დახმარება გსურთ, რა საჭიროა ამდენი ბალ-მასკარადი და ბრიფინგი? მაგრამ ოპოზიციისთვის ხომ მთავარი პიარია და არა საქმის კეთება“, - აცხადებს ვეფხვია გულედანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო.