მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაყვანა

თავდაცვის მინისტრი

„ჩვენ ყველამ ერთად ურთულესი არჩევნები გამოვიარეთ 2012 წლის ოქტომბერში. თქვენი თავდადებით, თქვენი თავგანწირვით, ისეთით როგორიც ქიზიყელებს სჩვევიათ, თქვენი გამბედაობით ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, კიდევ უფრო მეტად დიდი განსაცდელი, რომელიც ჩვენს ხალხს შეუქმნიდა უამრავ პრობლემას“,- ამის შესახებ თავდაცვის მინიზტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლის წყაროში, მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ეროვნული ამოცანა იყო, ხელისუფლებიდან ჩამოეცილებინა ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ჩვენ გავიხსენეთ, რომ აგვისტოს ომმა უამრავი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. დავკარგეთ 100- ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, 10 ათასობით დევნილი მივიღეთ დამატებით ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. 27 წელი გავიდა მას შემდეგ მეგობრებო და რა მივიღეთ ამ ომის და უბედურების შედეგად?! მივიღეთ 10 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილი, ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, მივიღეთ 300 ათასი დევნილი, რომელიც დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლს. სამწუხაროდ ის შეცდომა, უბედურება და განსაცდელი, რომელიც ჩვენ მაშინ ვერ ავიცილეთ თავიდან, 2008 წლის აგვისტოს ომში გაიმეორა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა. ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. შესაბამისად მეგობრებო ახლა ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა.ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში ჩვენ მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ, არის თუ არა თუ არა შესაძლებელი, რომ ქვეყანაში დაისადგუროს ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობამ და სტაბილურობამ, ამ დესტრუქციული ძალის არსებობით. მე ვფიქრობ, რომ არა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ქმნის დესტაბილიზაციის წყაროებს, ახალ განსაცდელებს.

„რა თქმა უნდა ჩვენი საერთო საზრუნავი უნდა იყოს, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობის, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, თუ არ იქნება მშვიდობა, თუ არ იქნება სტაბილურობა და თუ არ იქნება თავისუფლება მეგობრებო. ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს გუნდთან ერთად მოიტანა ჩვენთვის, თქვენთვის ყველასთვის არის თავისუფლება. მოდით ვთქვათ ყველამ ერთად, ვიყავით თუ არა ჩვენ თავისუფლები 2012 წლამდე, რა თქმა უნდა არ ვიყავით, შესაბამისად მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს - გზა, ინფრასტრუქტურა, განათლება, უმუშევრობა, სიღარიბე, წყალი, რომელიც ყველგან არ არის.

„შესაბამისად ჩვენი საერთო ამოცანა არის ის , რომ მთავარი მონაპოვარი, რომელიც ყველამ ერთად მოვიპოვეთ, გამყარდეს 2020 წლის არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა დათო სონღულაშვილმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება. არ უნდა დავუშვათ არავითარი რყევა, საკმარისია ის , რაც დაუშვით. დაუშვით განსაცდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. დაუშვით უამრავი შუღლი, ურთიერთბრალდებები, შიდა შუღლი, განხეთქილება, ერთმანეთის კვლა, უამრავი კონფლიქტი, უამრავი სამოქალაქო დაპირისპირება. ერთადერთი, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს, მშვიდობას, სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ამიტომ , კიდევ ერთხელ მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“ და მხარი დავუჭიროთ დათო სონღულაშვილს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.