მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის კიდევ ერთი გაკვეთილი - მიზანი არ ამართლებს საშუალებას

დღის ქრონიკის წამყვანი

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც pia.ge უცვლელად გთავაზობთ.

„კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ საქართველოს მოსახლეობას დაანახა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი მმართველი გუნდი, როგორც საფრთხეების შეკავების მხრივ, ასევე სამოქალაქო თავისუფლებების მოფრთხილების მხრივ.

გატარებული ზომები შეესაბამება ჯანდაცვის პრობლემის მასშტაბს და ამავდროულად წინ უსწრებს რამდენიმე ნაბიჯით. საფრთხის მომატებას სისტემა ხვდება მზად და გონივრული გადაწყვეტილებებით მას ადვილად უმკლავდება. პირიქითაა სამოქალაქო უფლებების მხრივ, სადაც სისტემა მხოლოდ მას შემდეგ ამკაცრებს რეგულაციებს, როცა საზოგადოებრივი აზრი უკვე შექმნილია და მზადაა ახალი შეზღუდვების მისაღებად. საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად კი მნიშვნელოვანია ღია გამჭვირვალე საინფორმაციო ველი და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ამგვარ ვითარებაში ადამიანები ბუნებრივად აკეთებენ სწორ არჩევანს, ხალხი და ხელისუფლება კი მოკავშირეებად იქცევიან. ეს სინერგია რომ ავისმოსურნეებს და თანაც ხელისუფლების აღების მსურველებს არ სიამოვნებთ, ამაზე მოგვიანებით.

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუკი ხელისუფლება იქცევა საპირისპიროდ და უფრო მეტიც, თავად ხელისუფლება წარმოადგენს პანდემიის წყაროს, ერთგვარ პოლიტიკურ კორონავირუსს და ხრავს საზოგადოებას?

2006 წლის 27 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ამბოხება ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე და ათობით ადამიანის ჯანმრთელობა ემსხვერპლა. სასამართლო პროცესი გაიწელა თვეების მანძილზე და ბოლომდე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა ბუნტის ორგანიზატორების შესახებ. არსებობდა მრავალი გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ მომხდარი ამბოხება ციხის ადმინისტრაციის მიერ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, ხოლო ამ პროცესს მთავარი ფიგურანტიც გააჩნდა ბაჩო ახალაიას სახით. იგი სასჯელაღსრულების სისტემას 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა და მისი პერსონაჟი სააკაშვილის რეჟიმის და ყველაზე სისხლიანი სისტემის სიმბოლოდ იქცა.

როდესაც 2012 წლის სექტემბერში ციხის ცნობილი კადრები გასაჯაროვდა, პირველი ბუნებრივი და ლოგიკური რეაქცია რაც საზოგადოებას გაუჩნდა, იყო პროტესტი პირველ რიგში სწორედ ახალაიას წინააღმდეგ, რამაც მაშინდელი ხელისუფლება აიძულა სასწრაფოდ მოეხსნათ ბაჩო ახალაია შს მინისტრის პოსტიდან. აღარავინ დაკვირვებია იმ გარემოებას, რომ ახალაია უკვე დიდი ხნის განმავლობაში აღარ მსახურობდა პენიტენციურ სისტემაში და მას შემდეგ არაერთი თანამდებობა ჰქონდა გამოცვლილი.

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს და დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესები არაერთ კრიმინალურ ეპიზოდზე, მათ შორის ორთაჭალის ციხის ამბოხზეც. საზოგადოებას ახალაიასთვის განაჩენი დიდი ხნის წინ აქვს გამოტანილი, თუმცა მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანია მისი ფორმალურად და სამართლიანად აღსრულება. ახალაიას პირველი პროცესები 2013 წელს მიმდინარეობდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ ისევ მიხეილ სააკაშვილია და სასამართლო სისტემასაც მთლიანად ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს. იმ დროს, ოპოზიციაში გადასულმა ერთიანმა ნაცმოძრაობამ პროკურატურის შეცვლილი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის ძალ-ღონე არ დაიშურა. მიუხედავად იმისა, რომ ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო დღეს გამოაცხადა, ფორმალური ძალაუფლების ჯერ კიდევ მქონე მიხეილ სააკაშვილმა მოასწრო და ბაჩო ახალია შეიწყალა! ამ გადაწყვეტილების განმარტებით განცხადებაში ახალაია სააკაშვილმა ახალი დროის გმირად გამოაცხადა, მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უსაფუძვლოდ მონათლა, ხოლო საზოგადოების მხრიდან ახალაიას მონსტრად შერაცხვა, ცალსახა უსამართლობად.

ამონარიდი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებიდან - 3 ნოემბერი, 2013:

“ამდენი ძიების შემდეგ, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო „ბუნტის" საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია.

რაც შეეხება კანონიერი ქურდების ჩვენებების საფუძველზე, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ გამოტანილ განაჩენს, აქ საქმე არა იმდენად ბაჩო ახალაიას პიროვნებაშია, არამედ ისტორიის, სიმართლის და სამართლიანობის წინაშე, ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს ამ სამარცხვინო საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგომის შემდეგ; მოვაწერო არა იმიტომ, რომ საქმე შეეხება ბაჩო ახალაიას, არამედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ პრეცედენტი - „კანონიერმა ქურდმა" გაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი”.

მომხდარი მოვლენებიდან 14 წლის შემდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც ციხის ხსენებულ ბუნტს ეხება. 14 წლის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ მოვლენათა შეფასების საბოლოო ვერდიქტი, იმ მოვლენის, რომელსაც წლების განმავლობაში მიიჩნევდა სახელმწიფო კრიმინალზე კანონის გამარჯვების მაგალითად, სახელმწიფოს დაფუძნებისა და შენების მაგალითად, მოგვიანებით კი მისი სისხლიანი რეჟიმის მარცხი კანონიერი ქურდების რევანშად მონათლა, ხოლო რეფორმირებული სასამართლო და სახელმწიფო უზურპირებულად გამოაცხადა.

ისევე, როგორც გასული წლის ზაფხულში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აჩვენა სტანდარტი, რომ ხელშეუვალია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ადამიანის ჯანმრთელობა და კერძო საკუთრების უფლება, დღევანდელი გაკვეთილით ევროპამ დაგვანახა, რომ ბოროტებასთან ბრძოლა ბოროტებით უშედეგოა, უსარგებლოა, მას მხოლოდ სისხლი, მსხვერპლი და უდანაშაულო ადამიანთა შეწირული სიცოცხლე მოჰყვება. თანამედროვე ევროპის ჰუმანიზმი სწორედ ამ სტანდარტზე დგას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 21-ე საუკუნის საქართველოში კი, რომელსაც ხელისგულზე ედო სისხლიანი საბჭოთა წარსულის გამოცდილება, ტირანიისა და ტოტალიტარიზმის ნაკვალევი, ხელისუფლებაში მოსულმა რეფორმატორმა ნეობოლშევიკებმა ძერჟინსკისეული მგზნებარებით დაიწყეს “არასასურველ გადმონაშთებთან” ბრძოლა.

ყოველთვის, როდესაც ჩვენი უახლესი ისტორიის პერიპეტიებს ვეხებით, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ერთვება იმ თაობის და ასაკის ახალგაზრდობა, რომელთაც არ ახსოვთ თუნდაც 14 წლის წინ მომხდარი მოვლენები. ეს ახალგაზრდები კი უსმენენ და ექცევიან იმ პირთა იდეოლოგიური გავლენის ქვეშ, რომლებიც პირდაპირ არიან ისტორიის სისხლიანი ფურცლების დამწერნი და შემოქმედნი. დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხომ 2003 წლის შემდეგ არც შეცვლილა და არსებული კოჰორტის თითოეული წევრი ცდილობს ისტორიის საკუთარი ვერსიის სიმართლედ გასაღებას.

იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ სიცრუის ხაფანგში, მხოლოდ ორი ინსტრუმენტი გვაქვს. კარგად წავიკითხოთ ისტორია (საბედნიეროდ, იგივე ციხის ბუნტზე ინტერნეტში საკმარისი რაოდენობით იძებნება მასალები), და მეორე, მოვუსმინოთ რას ამბობს მიუკერძოებელი მსაჯული. რაკიღა ქვეყნის შიგნით ვერ ვთანხმდებით ამგვარის არსებობაზე, არც სასამართლოს ვენდობით და არც რომელიმე უფლებადაცვით ორგანიზაციას, იძულებული ვართ ველოდოთ ურმით მოსიარულე სამართლის აღსრულებას, რომლის შტაბბინაც ევროპის ცენტრშია - ქალაქ სტრასბურგში.

2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებულ ვერდიქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2006 წელს ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლების შელახვა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „ევროპული კონვენციის მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ლეტალური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ არეულობის დროს პატიმრები მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებდნენ, თუმცა იმ ხარისხის ძალის გამოყენება, რასაც ადგილი ჰქონდა, არ წარმოადგენდა აბსოლუტურ აუცილებლობას. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს გამოჩნდა სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების არასათანადო დაგეგმვაში, ფაქტში, რომ ლეტალური ძალის გამოყენება იყო არაშერჩევითი და გადამეტებული და ასევე, იმიტომ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო, პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო მხარდაჭერის გაწევა პოლიციის ოპერაციის შემდეგ“.

როგორც გამოძიებითაა დადგენილი, “ე.წ. ციხის ბუნტს წინ უძღოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბაჩანა ახალაიას, მხრიდან პატიმრების – გ.ა.-ს და ზ.ვ.-ს – სასტიკი ცემა, რამაც გამოიწვია პატიმრებში მღელვარება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად”

ცხადია, რომ დღეს მოქმედ ნაციონალ პოლიტიკოსებს არ სიამოვნებთ ამგვარი ვერდიქტის მოსმენა. ამიტომაც ტოვებენ უყურადღებოდ და არ იმჩნევენ გამოტანილ განაჩენს. მათ მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნისას ახსოვთ დასავლეთი, მისი ის სტრუქტურები, რომლებიც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს უნდა დაეხმარონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ხოლო რაც შეეხება ფუნდამენტურ დასავლურ ღირებულებებს, მათთვის ის სრულიად უცხოა. ხელისუფლებაში ყოფნისთანავე მათში იღვიძებს ბოლშევიკ წინაპართა სისხლის ყივილი, რომელიც ადამიანზე სახელმწიფოს ტოტალიტარული წნეხის მოთხოვნილებითაა გაჟღენთილი.

ნაცმოძრაობის ერთიანმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნისას მოახერხა და ვითომ ქურდული მენტალიტეტისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა იმგვარად წარმართა, რომ მართლაც ევროპაც კი გააოცა. ვითომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მათ აირჩიეს გზა და შვეს მონსტრები, რომლებმაც საბოლოოდ შეიწირეს მათი მმართველობა. მიზანი ამართლებს საშუალებას - შუასაუკუნეების ამ მაქსიმიდან ევროპა დიდი ხანია გამოვიდა, მაგრამ ვერ გამოვიდნენ შუა საუკუნეების ქართველი ნეობოლშევიკები. ჩვენი ისტორიის ჟანრის კანონის თანახმად, ისინი დამარცხებისთანავე უნდა განადგურებულიყვნენ პოლიტიკურ ველზე, თუმცა ბედის ირონიით, ისევ თანამედროვე დასავლურმა ჰუმანიზმმა უზრუნველყო მათი გადარჩენა.

არათუ პანდემიურ პროცესს ვერ გაუმკლავდა მაშინდელი ხელისუფლება, როგორადაც იგი ნათლავდა კრიმინალურ მენტალიტეტს, არამედ ისინი თავად გახდნენ მიმდინარე სეზონური გრიპის პანდემიად ქცევის წყარო. მათ არათუ დაიცვეს მოსახლეობა ძალადობისგან, თავად იქცნენ უდიდეს მოძალადეებად. საბედნიეროდ, პოლიტიკური კორონავირუსი ჩვენმა ქვეყანამ სამუდამოდ მოიხადა და ახლა მხოლოდ ბიოლოგიურ ვირუსს ებრძვის.

დასასრულს კი, რაც შეეხება ისტორიის ამ ფურცლის ხელმოცარულ გმირს, ბაჩო ახალაიას (რომლის გმირად დაბრუნებასაც ფუჭად ელიან პოლიტიკურ ველზე), მისი დატოვებული პოლიტიკური კვალი ბიოგრაფიული ვიკიპედიის მოკლე გვერდის სქოლიოში დაეტია:

1. ↑ ნაცემი პატიმარი შველას ითხოვს, Humanrights.ge, 27.03.2006.

2. ↑ სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, Humanrights.ge, 22.05.2006.

3. ↑ სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა, Humanrights.ge, 08.06.2006.

4. ↑ ოპოზიცია გმობს ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, სივილ ჯორჯია, 28.08.2009.

5. ↑ ბურუსით მოცული ციხის ინციდენტი, სივილ ჯორჯია, 03.04.2006.

6. ↑ ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო, სივილ ჯორჯია, 01.04.2006.“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ინფორმაციისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლება შეილახა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.