მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აჩვენა სტანდარტი, რომ ხელშეუვალია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობა და კერძო საკუთრების უფლება

გურამ ნიკოლაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„ისევე, როგორც გასული წლის ზაფხულში, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აჩვენა სტანდარტი, რომ ხელშეუვალია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ადამიანის ჯანმრთელობა და კერძო საკუთრების უფლება“. - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბლოგში.

მისი თქმით, დღევანდელი გაკვეთილით ევროპამ დაგვანახა, რომ ბოროტებასთან ბრძოლა ბოროტებით უშედეგოა, უსარგებლოა, მას მხოლოდ სისხლი, მსხვერპლი და უდანაშაულო ადამიანთა შეწირული სიცოცხლე მოჰყვება.

„თანამედროვე ევროპის ჰუმანიზმი სწორედ ამ სტანდარტზე დგას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 21-ე საუკუნის საქართველოში კი, რომელსაც ხელისგულზე ედო სისხლიანი საბჭოთა წარსულის გამოცდილება, ტირანიისა და ტოტალიტარიზმის ნაკვალევი, ხელისუფლებაში მოსულმა რეფორმატორმა ნეობოლშევიკებმა ძერჟინსკისეული მგზნებარებით დაიწყეს „არასასურველ გადმონაშთებთან“ ბრძოლა.

ყოველთვის, როდესაც ჩვენი უახლესი ისტორიის პერიპეტიებს ვეხებით, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ერთვება იმ თაობისა და ასაკის ახალგაზრდობა, რომელთაც არ ახსოვთ თუნდაც 14 წლის წინათ მომხდარი მოვლენები. ეს ახალგაზრდები კი უსმენენ და ექცევიან იმ პირთა იდეოლოგიური გავლენის ქვეშ, რომლებიც პირდაპირ არიან ისტორიის სისხლიანი ფურცლების დამწერნი და შემოქმედნი. დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხომ 2003 წლის შემდეგ არც შეცვლილა და არსებული კოჰორტის თითოეული წევრი ცდილობს ისტორიის საკუთარი ვერსიის სიმართლედ გასაღებას.

იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ სიცრუის ხაფანგში, მხოლოდ ორი ინსტრუმენტი გვაქვს. კარგად წავიკითხოთ ისტორია (საბედნიეროდ, იგივე ციხის ბუნტზე ინტერნეტში საკმარისი რაოდენობით იძებნება მასალები), და მეორე, მოვუსმინოთ რას ამბობს მიუკერძოებელი მსაჯული. რაკიღა ქვეყნის შიგნით ვერ ვთანხმდებით ამგვარის არსებობაზე, არც სასამართლოს ვენდობით და არც რომელიმე უფლებადაცვით ორგანიზაციას, იძულებული ვართ, ველოდოთ ურმით მოსიარულე სამართლის აღსრულებას, რომლის შტაბბინაც ევროპის ცენტრშია - ქალაქ სტრასბურგში“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ინფორმაციისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლება შეილახა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.