მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: იმედი მაქვს ხელისუფლება აზრზე მოვა

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ რაც უფრო ჩიხში შედის პოლიტიკური პროცესი და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მეგობარი, ფასილიტატორი ელჩების დახმარება.

როგორც ხვიჩიამ სატელევიზო ეთერში განაცხადა, ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ არის ჩანიშნული პოლიტიკურ ძალებს შორის მესამე რაუნდი ხელისუფლების დამსახურებაა, ვიდრე ოპოზიციის.

ხვიჩიას თქმით, ის რჩება იმ აზრზე, რომ მნიშვნელოვანი როლი კვლავ ხელისუფლებაზეა.

„ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად რთულდება სიტუაცია და რაც უფრო მეტად შევდივართ ჩიხში, მით უფრო მეტად იძენს მნიშვნელობას ჩვენი მეგობრების დახმარება. თუმცა, როგორ დამთავრდება ეს მოლაპარაკებები და შეძლებენ თუ არა ჩვენი მეგობრები ჩვენს დახმარებას, ჩემი აზრით ეს მეტწილად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

მნიშვნელოვანი როლი არის ხელისუფლებაზე, მე ამ აზრზე ვიყავი და ვრჩები, რადგან ვიცი რა ხდება. არ ვიძახი, რომ ოპოზიციაში ყველა ანგელოზია, მაგრამ აქამდე რომ არ ჩანიშნულა მესამე რაუნდი, ეს უფრო ხელისუფლების დამსახურებაა ჩემი აზრით, ვიდრე ოპოზიციის.

ვერცერთი საერთაშორისო მეგობარი იმას ვერ გვეტყოდა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. ეს სხვა ამბავია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოიკოტი ოფიციალურად გაფორმდება და პარლამენტში შესვლის გზები ამოიწურება, ეს ისრები ჩემი აზრით, ხელისუფლებისკენ გადავა. ამ წუთას ყველანი ვართ მოლაპარაკების პროცესში და მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება პირველ რიგში მოვა აზრზე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ის პარლამენტში 90 მანდატით იქნება წარმოდგენილი.