მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკაფიოდ ამბობს, რომ არჩევნები გაზაფხულზე უნდა დაინიშნოს

პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა „პატრიოტებმა“ ფასილიტატორ ელჩებთან გამართულ შეხვედრაში.

ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწერილი წინადადებების პაკეტი.

ინაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებში დიდი ძალისხმევა ჩადეს საერთაშორისო პარტნიორებმა.

„რა თქმა უნდა, არ იყო ჩვენი ხელმოწერა იმიტომ, რომ მუდმივად ხაზს ვუსვამდით და დღესაც ხაზს ვუსვამთ იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს. არავითარ ფორმატში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენი ტაქტიკა და წინადადებების ჩვენი პაკეტი, რასაც ინტენსიურ რეჟიმში ვუზიარებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

წინადადებების პაკეტი არაერთგზის გავაცანი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ისე ევროკავშირის ელჩს. დიდი ყურადღება იყო იმაზე გამახვილებული, თუ რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას „პატრიოტთა ალიანსი“.

ინდივიდუალურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები. ხაზს ვუსვამ იმას, რომ უაღრესად ვაფასებ ამ პროცესში მათ ძალისხმევას, ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური სპექტრი მივიდეს შეთანხმებამდე. რა მოხდება ჯერ არავინ იცის. ჩვენ „პატრიოტთა ალიანსი“ პირველივე დღეს არჩევნების გაყალბების დასრულებისთანავე ვამბობდით, რომ გაყალბდა არჩევნები და ერთადერთი გზა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ, არის ხელახალი არჩევნები.

არა შემოდგომაზე, ჩვენი წინადადებების პაკეტი მკაფიოდ ამბობს, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს 2021 წლის გაზაფხულზე, მაისში. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, ასევე, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო, გაყალბების მასშტაბი რომ შემცირდეს“, - აღნიშნა ინაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, დღეს, 4 დეკემბერს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციური სპექტრის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ელჩებს მკაფიოდ გაწერილი წინადადებები გადასცეს. თუ რა პუნქტებზეა საუბარი, დაკონკრეტებისგან ოპოზიციონერებმა თავი შეიკავეს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.