მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს პროგრამა „დიპფეიკის“ გამოყენებით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გეგმავენ ყალბი მასალების გამოქვეყნებას, რომელსაც პროგრამა „დიპფეიკის“ გამოყენებით ამზადებენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „დიპფეიკი“. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მან საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.

ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითი-დღე იზრდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანაში სტაბილური განვითარების გარანტიაა.

„ღრმად გვწამს, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ 73-ივე ადგილობრივი საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და 31 ოქტომბერს ვიზეიმოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30 და პროპორციული სიით 120 წევრი შევა.