მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას აქვს იმის ფუფუნება, რომ პოპულისტური განცხადებები გააკეთოს და ეს ძალიან სამწუხაროა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, 2020

„ოპოზიციას აქვს იმის ფუფუნება, რომ პოპულისტური განცხადებები გააკეთოს და ეს ძალიან სამწუხაროა“,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებას პოპულისტური განცხადებების გაკეთების ფუფუნება არ აქვს და სახელმწიფო თანმიმდევრულად მოქმედებს:

„იცით, რომ ხშირი პერიოდულობით ინიშნება რეისები იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები და ეს ხდება თანმიმდევრულად, რომ არ შეიქმნას რაიმე პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით. არის ლიმიტირებული მაგალითად, ადგილების რაოდენობა საკარანტინე, იზოლაციის სივრცეებში. როცა ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები იდგმება ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან ზუსტი და დეტალური გათვლებით. აქ ხდება ყველა ინტერესის აწონ-დაწონა და დაბალანსება. აქაც ჩვენი ფუფუნება არ არის პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, ოპოზიციას აქვს იმის ფუფუნება, რომ თავისი პოპულისტური განცხადებები გააკეთოს და ეს ძალიან სამწუხაროა. არის სხვა შემთხვევებიც, როცა სამწუხაროდ, ასეთი ნაბიჯები იდგმევა, გახსოვთ თქვენ, რა მოხდა ზუგდიდში, ესეც იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედება ოპოზიციის მხრიდან. თქვენ ხედავთ, რომ კეთდება უპასუხისმგებლო განცხადებები კონკრეტული ოპოზიციური პარტიის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან, მაგალითად იმის თაობაზე, რომ თურმე დღეს გარდაიცვლება კონკრეტული ადამიანი კორონავირუსით და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღე გავიდა და ეს ადამიანი არა თუ არ გარდაიცვალა, უკვე გამოჯანმრთელდა. ასევე ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის განცხადება გახსოვთ იმის თაობაზე, რომ კარგია თურმე კორონავირუსი იმის გამო, რომ ის შექმნის ეკონომიკურ პრობლემებს, რაც უარყოფითად აისახება „ქართულ ოცნებაზე“. ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ კონკრეტული ოპოზიციური ლიდერები ასეთი დღის წესრიგით მოქმედებენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და თითოეული ნაბიჯი იდგმება კონკრეტული გათვლებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.