მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანმა სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

ტრამპი და სოლეიმანი

ოფიციალურმა თეირანმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა. მიზეზი მიმდინარე წლის 3 იანვარს გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაა. ინფორმაციას ალ-ჯაზირა ავრცელებს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმღვანელ გენერალ-მაიორ ყასემ სოლეიმანზე ბაღდადის აეროპორტში თავდასხმა 2020 წლის 3 იანვარს განხორციელდა, რაც მისთვის ფატალური აღმოჩნდა. სოლეიმანს აშშ ტერორიზმში სდებდა ბრალს. ირანელი გენერალი სხვადასხვა დროს აქტიურად ეხმარებოდა ჰეზბოლასა და ასადის რეჟიმს. ის საკუთარ სამშობლოში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

პენტაგონის განმარტებით სოლეიმანის ლიკვიდაციის მიზანს მის მიერვე დაგეგმილი ტერაქტების პრევენცია წარმოადგენდა.

სოლეიმანის მკველობამ ირან-ამერიკის ურთიერთობა დაძაბულობის უმაღლეს წერტილზე კიდევ ერთხელ აიყვანა. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა 8 იანვარს, მას შემდეგ რაც ირანმა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას დაარტყა. არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა, თუმცა სიტუაცია მალევე უომრად განიმუხტა.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 41 წლის წინ ირანის ისლამური რევოლუციის დროს გაწყდა. 1979 წლის ნოემბრიდან 1981 წლის იანვრამდე 444 დღის განმავლობაში აშშ-ის საელჩოს 52 თანამშრომელი რევოლუციონერების ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ირან-ერაყის ომში 1980-1988 წწ. აშშ მხარს ერაყს უჭერდა.