მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: საგანგებოს გამოცხადება რომ მოგვიწიოს, არჩევნებს საფრთხე შეექმნება

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესებაზე უფლებამოსილების მინიჭების გახანგრძლივების საკითხზე კანონპროექტი წარადგინა.

მისი თქმით, შეზღუდვები 2021 წლის იანვრამდე უნდა გახანგრძლივდეს, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა მისი გახანგრძლივების საჭიროება კიდევ დადგეს და ამაზე პასუხისმგებლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტმაც უნდა აიღოს.

„მისი შემდგომი გახანგრძლივების საჭიროების რეალური შანსი არსებობს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე. შემდგომმა პარლამენტმაც უნდა აიღოს ვალდებულება და გააგრძელოს ვადა, თუ ამის საჭიროება იქნება. ეპიდვითარების გართულების შემდეგ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი ისევ დადგეს“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება თუ დადგება, საფრთხე შეექმნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ამასთან, მისი თქმით, თუ შეზღუდვები არ იქნება, არჩევნების დღეს შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს.

„არჩევნების დღეს კონტაქტები უფრო მეტია, სიჭიდროვეც, რაც რისკებს ზრდის. ამასთან, ერთ მცირე ლოკაციაშიც რომ დადგეს რეგულაციების ამოქმედების საჭიროება, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებს ვეღარ ჩავატარებთ.

გლობალურად ეპიდვითარება სახარბიელო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა, არის ქვეყნები , სადაც დასტაბილურების შემდეგ შეინიშნება მატება“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც პანდემიის პირობებში მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე უბლებამოსილება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

მთავრობას პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება 15 ივლისს ეწურება.

პროექტი ისეთ ღონისძიებების შეზღუდვას ითვალისწინებს, როგორიცაა გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების. აღნიშნული შეზღუდვების დაწესების უფლება კი, მთავრობას 2021 წლის იანვრამდე ექნება.